გადაჭარბებულია, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა მხოლოდ ომთან და გეოპოლიტიკურ ვითარებასთანაა დაკავშირებული – ლევან დავითაშვილი

3
spot_img

გულდასაწყვეტია, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი საუბრობს ასეთი ფორმით, რასაც ბოლომდე ეკონომიკური საფუძველი არ აქვს – გადაჭარბებულია, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა მხოლოდ ომთან და გეოპოლიტიკურ ვითარებასთანაა დაკავშირებული, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც გამოეხმაურა საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებას, რომ საქართველოში ეკონომიკური ზრდა „არის მოულოდნელი მოგება უკრაინაზე რუსეთის თავდასხმიდან“.

მინისტრის შეფასებით, ომის ფაქტორს საქართველოს ეკონომიკაზე გარკვეული პოზიტიური ეფექტი აქვს, თუმცა საქართველოს ეკონომიკური ზრდა, დიდწილად, განპირობებულია იმ რეფორმებით, რომლებიც ხელისუფლებამ წლების წინ გაატარა.

„საკმაოდ გულდასაწყვეტია, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი საუბრობს ასეთი ფორმით, რასაც ეკონომიკური საფუძველი არ აქვს ბოლომდე. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით რუსული ფაქტორის და ომის ფაქტორის ეფექტზე ჩვენს ეკონომიკაში. პროფესიონალები თანხმდებიან რომ ამას, რა თქმა უნდა, გარკვეული ეფექტი, პოზიტიური კუთხით, ეკონომიკურ ზრდაში აქვს. თუმცა გადაჭარბებულია, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა ბოლო წლებში და განსაკუთრებით ბოლო წელს, დაკავშირებულია მხოლოდ ომთან და გეოპოლიტიკურ ვითარებასთან.

მარტივად შემიძლია გითხრათ: ბევრი ქვეყანა, იგივე გეოგრაფიაში, რომელსაც უფრო ლიბერალური ეკონომიკური ურთიერთობები აქვს რუსეთთან, არ იზრდება ისეთივე მაღალი ტემპით, როგორც საქართველოში იზრდება. ჩვენ ბევრი შემზღუდავი ფაქტორი გვაქვს, ამის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა ყველაზე მზარდი ეკონომიკაა არა მხოლოდ ევროპაში, არამედ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიის ქვეყნებთან მიმართებით. ამავე დროს, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი შეფასება, რომ ჩვენ გავიზრდებით სწრაფად მომავალ წლებში. ამას ადასტურებს ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზებიც, ეს არის იგივე საერთაშორისო სავალუტო ფონდის საშუალო ვადიანი პროგნოზი, რომ საქართველო უფრო სწრაფად გაიზრდება, ვიდრე, მაგალითად დსთ-ს წევრი ქვეყნები. აქედან გამომდინარე 1-2%-იანი ეფექტი შეიძლება იყოს, რაც შუა დერეფნის როლს და მნიშვნელობას ზრდის, რომელიც ტრანსპორტის და ლოჯისტიკის სფეროში აქტივობებს ზრდის და ეს არის პოზიტიური ფაქტორი ჩვენი ეკონომიკისთვის. მაგრამ დიდწილად, საქართველოს ეკონომიკური ზრდა განპირობებულია იმ მნიშვნელოვანი რეფორმებით, რომელიც წლების წინ გავატარეთ“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა BMGtv-სთან ინტერვიუში საქართველო გერმანიის ურთიერთობებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი არის მოულოდნელი მოგება უკრაინაზე რუსეთის თავდასხმიდან და ასეთი ტიპის მოგება არ გრძელდება.

„შევამჩნიე, რომ საქართველოში ამბობენ: „ჩვენ გვაქვს ასეთი მაღალი [ეკონომიკური] ზრდის ტემპები, უფრო მაღალი, ვიდრე საძაგელ ევროპელებს. გერმანელებს საერთოდ არ აქვთ ეკონომიკური ზრდა, ქართველებს კი 10%-იანი ზრდა გვაქვს“.

ეს არის მოულოდნელი მოგება უკრაინაზე რუსეთის თავდასხმიდან. ასეთი ტიპის მოგება არ გრძელდება. ვხედავ უამრავ სტრუქტურულ პრობლემას. ვხედავ გამოწვევას ლარის ღირებულებასთან დაკავშირებით. ვხედავ საფონდო ბირჟებზე განთავსებული ქართული კომპანიების აქციების ფასების რყევას“,- განაცხადა ფიშერმა.