ევროკავშირსაც აქვს დასამტკიცებელი, რომ ისინი პატივს სცემენ ჩვენს ღირსებას, ევროკავშირმა უნდა დაგვიმტკიცოს, რომ მისთვისაც არის პრინციპულად მნიშვნელოვანი მშვიდობით ჩვენი სვლა ევროკავშირისკენ -ირაკლი კობახიძე

4
spot_img

ჩვენი საარჩევნო სლოგანი გახლდათ „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ” და ეს არის ჩვენი სამთავრობო პროგრამის სათაური;  ჩვენი მიზანია მშვიდობის მყარად შენარჩუნება ჩვენი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ღირსება არის ეროვნული ინტერესების დაცვის უპირველესი და უმთავრესი გარანტი.

„ჩვენი მიზანია ღირსებით ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა და მათ შორის ღირსებით ევროკავშირში წევრობის მოპოვება და ჩვენი მიზანია ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობის გაუმჯობესება. ღირსება არის უპირველესი და მთავარი გარანტი იმისა, რომ ჩვენ დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და ჩვენი ამოცანაა, როგორც ეს იკითხება ჩვენი სლოგანიდან და სამთავრობო პროგრამიდან, სვლა ევროკავშირისკენ. ეს იქნება რთული გზა. ჩვენ წინ გვაქვს დაახლოებით 6 წელიწადი, ჩვენი მიზანია, როგორც უკვე ითქვა 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანება. ევროკავშირს აქვს თავისი პირობები და ეს ჩვენ თავიდან ბოლომდე უნდა გავითვალისწინოთ. ბუნებრივია, მზად ვართ, გავითვალისწინოთ ყველა ის პირობა, რომელიც არ ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და აქ გადის ზღვარი, რაც ღირსებას უკავშირდება ისევ და ისევ და ევროკავშირსაც აქვს დასამტკიცებელი, რომ ისინი პატივს სცემენ ჩვენს ღირსებას. როდესაც ვსაუბრობთ მშვიდობით ევროპისკენ სვლაზე, ევროკავშირმა უნდა დაგვიმტკიცოს, რომ მისთვისაც არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, მშვიდობით ჩვენი სვლა ევროკავშირისკენ. როდესაც საუბარია ღირსებით ევროკავშირისკენ სვლაზე, რა თქმა უნდა, აქაც მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა დაიცვას ჩვენი ეროვნული ინტერესები, ჩვენი ტრადიციული ფასეულობები. როდესაც საუბარია კეთილდღეობით ევროკავშირისკენ სვლაზე, კონკრეტული ადამიანები არასწორი მიმართულებით ცდილობდნენ საზოგადოების აზრის წარმართვას და წარმოაჩენდნენ, თითქოს ჯერ უნდა გახდე ევროკავშირის წევრი და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მიიღო კეთილდღეობა. სინამდვილეში ყველაფერი არის პირიქით. ჯერ უნდა მიაღწიო კეთილდღეობის გარკვეულ დონეს და მხოლოდ ამის შემდეგ მიგიღებენ ევროკავშირში. აქაც უნდა გვიჩვენოს ევროკავშირმა, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესება მისთვის ღირებული და პრინციპულად მნიშვნელოვანია”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.