იუსტიციის მინისტრობის კანდიდატს ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმინეს. ანრი ოხანაშვილმა დეპუტატებს იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტები გააცნო სამართალშემოქმედებითი, სერვისების ხელმისაწვდომობის, პენიტენციური, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის, აღდგენითი მართლმსაჯულების მიმართულებით.
მინისტრობის კანდიდატმა ასევე ისაუბრა იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლობით ფუნქციაზე საერთაშორისო სასამართლოებში.
„2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის თაობაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2024 წლის 9 აპრილის გადაწყვეტილება ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე აქტიურად იქნება გამოყენებული ყველა შესაძლო სამართლებრივი და პოლიტიკური ფორმით სახელმწიფო სუვერენიტეტის განსამტკიცებლად და დევნილთა საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების უზრუნველსაყოფად. წარმომადგენლობითი ფუნქციის ფარგლებში, გაგრძელდება სახელმწიფო ინტერესების დაცვა სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრის პოსტზე ანრი ოხანაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 25 ნოემბერს წარადგინა.