ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა არასდროს ყოფილა მარტივი, თუმცა ჩემი მხრიდან ყოველი წუთი მიეძღვნება იმას, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, ქვეყნის კონსტიტუციური მიზნები, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
ბოჭორიშვილმა „ქართული ოცნების“ გუნდს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
„პირველ რიგში, დიდ მადლობას გადავუხდი პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს, „ქართული ოცნების“ გუნდს ნდობისთვის, რომელიც გამომიცხადეს. ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევებიდან გამომდინარე, დღეს საგარეო პოლიტიკის განხორციელება მოითხოვს განსაკუთრებულ გამბედაობას და, იმავდროულად, სიფრთხილეს. ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, ვუხელმძღვანელო საგარეო მიმართულებას. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვხედავთ, რამხელა გავლენას ახდენენ საგარეო ფაქტორები ჩვენი ქვეყნის ყოველდღიურობაზე, ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე და, პირიქით, როგორ ხდება ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეების გამოყენება საგარეო არენაზე. ჩემთვის ნამდვილად დიდი პატივია, ვიყო ჩვენი ქვეყნის სამსახურში უკვე აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან მას შემდეგ, რაც პარლამენტის მიერ გამოცხადებული იქნება ნდობა.
ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა არასდროს ყოფილა მარტივი, თუმცა ჩემი მხრიდან ყოველი დღე და ყოველი წუთი მიეძღვნება სწორედ იმას, რომ საერთაშორისო არენაზე მაქსიმალურად იყოს დაცული ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, ქვეყნის კონსტიტუციური მიზნები.
ერთგვარად სახლში დაბრუნებასავით არის ჩემთვის საგარეო საქმეთა სამინისტროში მისვლა. ფაქტობრივად, გავიზარდე ამ სამინისტროში, თუმცა არ შეიძლება, არ აღვნიშნო ის გამოცდილება, ძალა და ენერგია, რომელიც დღეს მომყვება საპარლამენტო გუნდიდან, საპარლამენტო საქმიანობიდან. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ნდობისთვის, რომელსაც მიცხადებთ. ახლა უკვე აღმასრულებელი ხელისუფლებიდან შევეცდები, მაქსიმალურად დავიცვა ჩვენი ქვეყნის ინტერესები. ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო თქვენი გუნდის წევრი და ერთად გავაგრძელოთ ბრძოლა ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ირაკლი კობახიძემ მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას მაკა ბოჭორიშვილი დაიკავებს.