24 ნოემბერს 21:00 საათზე ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე, პარალელურად, ჩვენ შემოგვიერთდება რეგიონებიდან ავტომობილები, რომლებიც მსვლელობას მოაწყობენ თბილისის მასშტაბით, რათა კიდევ ერთხელ გამოვაფხიზლოთ თბილისი, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მან გმირთა მოედანზე შეკრებილებსა და საზოგადოებას 24-25 ნოემბრის გეგმები გააცნო.
ამასთან, ვაშაძემ საზოგადოებას მოუწოდა, რომ ორშაბათს შვებულება აიღონ და ეს დღე საქართველოს მიუძღვნან.
„მინდა, გაგაცნოთ პუნქტობრივად პროდასავლური ოპოზიციას საერთო განცხადება 24 და 25 ნოემბრის დღესთან დაკავშირებით. ხვალ, 24 ნოემბერს 21:00 საათზე ვიკრიბებით აბსოლუტურად ყველა რესპუბლიკის მოედანზე. პარალელურად, ჩვენ შემოგვიერთდება რეგიონებიდან მსვლელობები, რომელიც ემზადება და დაგეგმილია. შეკრების შემდეგ მსვლელობით გავემართებით პარლამენტისკენ, სადაც ვაპირებთ, დავრჩეთ ხვალინდელი ღამე. პარალელურად, დასავლეთ საქართველოდან ჩამოსული ავტომობილები შეიკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე, ხოლო აღმოსავლეთიდან ჩამოსულები შეიკრიბებიან თავისუფლების მოედანზე, მსვლელობას მოაწყობენ თბილისის მასშტაბით, რათა ამ მანქანის მსვლელობით კიდევ ერთხელ გამოვაფხიზლოთ თბილისი და მოვუწოდოთ ყველას, რომ მოვიდნენ რუსთაველზე. ვათენებთ ღამეს. გვინდა, თვითმარქვია „ქართულ ოცნებას“ გამოვუცხადოთ, თუ ისინი ხვალ მაინც გადაწყვეტენ თავყრილობას, ეს იქნება თვითგამოცხადებული ადამიანების შეკრება, არაფერი საერთო ამას არ ექნება არც საქართველოსთან, არც კონსტიტუციასთან და არც პარლამენტთან არ ექნება მათი მხრიდან. მინდა ვთხოვო ყველა პატრიოტ ქართველს, ძალიან გთხოვთ, ორშაბათი დღე დაეთხოვეთ სამსახურიდან, გამოაცხადეთ თქვენთვის უქმე დღედ და აიღეთ შვებულება ეს ერთი დღე და მიუძღვენით საქართველოს, ჩვენ სამშობლოს. დაბოლოს, ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რას იზამს ევროპა, ამერეიკა. დადგა დრო დავსვათ კითხვა, რისთვის ვართ მზად ჩვენ, რას ვიზამთ ჩვენ ჩვენი სამშობლოსთვის, ძალა ერთობაშია, აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა ვაშაძემ.