25 ნოემბერს „ქართულ ოცნებად“ წოდებული რუსული ოცნება იქნება მარტო საკუთარ თავთან. შეეძლოთ დაეპატიჟებინათ ვენესუელას პრეზიდენტი, ან ნიკარაგუას პრეზიდენტი, ან ვლადიმერ პუტინი, რომლის წარმომადგენელი გვინახავს მათი მიპატიჟებით პარლამენტში, მაგრამ დასავლური სამყაროს წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული ელჩები, დასავლური ოპოზიცია და მთავარი პროდასავლელი სახელმწიფო ინსტიტუტის წარმომადგენელი, საქართველოს პრეზიდენტი, რუსული პარლამენტის შეკრებაზე არ იქნება პარლამენტის შენობაში,- ამის შესახებ „ერთიანობა -ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, რა სხვადასხვა ბერკეტი და მექანიზმიც არ უნდა გამოიყენონ ოპოზიციურმა პარტიებმა იმისთვის, რომ არ ცნონ ამ პარლამენტის ლეგიტიმაცია, ეს არის მათი პრეროგატივა, რადგან მთავარია, რომ ოპოზიცია საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად არ აღიარებს პარლამენტის ლეგიტიმაციას, არ ცნობს მიტაცებული არჩევნების შედეგად ფორმირებულ პარლამენტს და ითხოვს ხელახალ არჩევნებს.
„ვეთანხმები პრეზიდენტ ზურაბიშვილის მოსაზრებას, რომ დაუშვებელია რუსულ პარლამენტში შესვლა, რომლის ფორმირებაც მოხდა რუსული სპეცოპერაციის შედეგად, რასაც ივანიშვილი არჩევნებს ეძახის. ჩვენ აღნიშნული მოსაზრება დავაფიქსირეთ არჩევნების ღამესვე, როდესაც ნათელი იყო, რომ ივანიშვილმა, სწორედ, რუსული სპეცოპერაციით მოჰპარა ქართველ ხალხს თავისუფალი არჩევანი და ცდილობს, მოგვპაროს ევროპული პერსპექტივა. მოხარული ვარ, რომ მიუხედავად მიტაცებული არჩევნებისა, ყველა ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტია თანხმდება ამაზე, რომ რუსულ პარლამენტში შესვლა, რომლის ფორმირება ხდება რუსული სპეცოპერაციის შედეგად, რომელსაც ივანიშვილი არჩევნებს ეძახის, არის ყოვლად დაუშვებელი, ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის დაბრუნების პერსპექტივას. ამაზე უნდა ვფოკუსირდეთ. ვინ როგორ სამართლებრივ გზას გამოიყენებს იმისთვის, რომ არ დაუშვას ამ პარლამენტის ლეგიტიმაცია, ეს უკვე თითოეული პარტიის პრეროგატივაა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ცესკოს მიმართა, რომ ჩვენი უფლებამოსილების საკითხი რეგისტრაციაშიც კი არ გაეტარებინათ, პარლამენტისთვისაც კი არ გადაეცათ, თუმცა ჩვენ ვნახეთ, რომ თავლაფდასხმულმა გიორგი კალანდარიშვილმა უგულებელყო ჩვენი 100 კანდიდატის წერილი და მაინც უფლებამოსილების საკითხი გადასცა პარლამენტს, მაგრამ რაც არ უნდა მოიქმედოს ხელისუფლებამ, ამ პარლამენტს არ ექნება ლეგიტიმაცია, არც პრეზიდენტისგან, არც პოლიტიკური პარტიებისგან, არც საზოგადოებისგან და არც საქართველოს საერთაშორისო მეგობრებისგან,“- განაცხადა ბოკუჩავამ.
მან „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის მოწოდებასაც უპასუხა, რომ მანდატების დათმობის შესახებ განცხადებები 25 ნოემბერს დაწერონ.
„მამუკა მდინარაძეს, რომელიც ფაქტია, რომ სრულიად მოწყვეტილია რეალობას, ალბათ, ის მოლოდინიც ჰქონდა, რომ საქართველოში აკრედიტებული ელჩები დაესწრებოდნენ პარლამენტის სხდომას, თუმცა ჩვენ ვნახეთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა უარს აცხადებს დაესწროს სხდომას, რომლის ფორმირება მოხდა რუსული სპეცოპერაციის შედეგად. ისევე ილუზიაშია მდინარაძე ოპოზიციასთან დაკავშირებით, როგორც იყო და არის დიპლომატიურ კორპუსთან დაკავშირებით. ჩვენ უკვე დავწერეთ განცხადება და ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ არ შედგეს ამ პარლამენტის ლეგიტიმაცია. მამუკა მდინარაძემ მოწოდებები გაუკეთოს საკუთარი პოლიტიკური დაჯგუფების წევრებს, რომ აღიქვან ადეკვატურად რეალობა, რომ ისინი არიან მარტო დარჩენილები, სრულ საერთაშორისო იზოლაციაში – ჩანიშნონ ხელახალი არჩევნები იმისთვის, რომ დავიბრუნოთ არჩევნები და დავიბრუნოთ ევროპული პერსპექტივა”, – განაცხადა ბოკუჩავამ.