ანგელა მერკელი მიიჩნევს, რომ მას განტევების ვაცად აქცევენ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო

8
spot_img

გერმანიის ყოფილი კანცლერი, ანგელა მერკელი მიიჩნევს, რომ მას განტევების ვაცად აქცევენ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო.

მერკელს ჰკითხეს, აქვს თუ არა შეგრძნება, რომ მას განტევების ვაცად აქცევენ უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით 2008 წლის ნატოს სამიტზე მისი პოზიციის გამო, რაზეც ყოფილმა კანცლერმა უპასუხა, რომ „ეს არ არის მხოლოდ შეგრძნება, ეს ასე ხდება“.

„მაგალითად, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოგვიწოდა მე და სარკოზის, ჩავსულიყავით ბუჩაში საშინელი ხოცვა-ჟლეტის შემდეგ, რაც აშკარად გულისხმობდა იმას, რომ ჩვენი პოზიცია ბუქარესტის სამიტზე პასუხისმგებელი იყო ბუჩაში დაღუპულებზე“, – აღნიშნა გერმანიის ყოფილმა კანცლერმა.

მან აღნიშნა, რომ „აღფრთოვანებულია ზელენსკით მისი გამბედაობის გამო“ ომის თითქმის სამი წლის განმავლობაში, თუმცა არ ეთანხმება მას ბუქარესტის სამიტთან დაკავშირებით.

„მე ვაფრთხილებდი, მათ შორის 2008 წელს ბუქარესტშიც: პუტინი საბჭოთა კავშირის დაშლას მე-20 საუკუნის უდიდეს გეოპოლიტიკურ კატასტროფად მიიჩნევს. და, რა თქმა უნდა, არ ვიზიარებ ამ შეხედულებას. აქედან ის ასკვნის, რომ არსებობს რუსეთისთვის ეგზისტენციალური საფრთხე და ცდილობს, სადაც ეს შესაძლებელია, სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები კონტროლის ქვეშ შეინარჩუნოს. მართალი ვიყავი ჩემს გაფრთხილებაში იმიტომ, რომ პუტინი საქართველოში ჯერ კიდევ 2008 წელს შეიჭრა“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.