მინდა ვთხოვო ჩვენს ქვეყანაში აკრედიტებულ ელჩებს, არ დაესწრონ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას – გიორგი გახარია 

17
spot_img

მინდა ვთხოვო ჩვენს ქვეყანაში აკრედიტებულ ელჩებს, არ დაესწრონ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას, რათა არ მისცენ შესაძლებლობა „ქართულ ოცნებას“ მანიპულირების და სპეკულირების, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამასთან, გახარიამ საქართველოს მოქალაქეებს და მხარდამჭერებს მოუწოდა, რომ იმ დღეს, როცა პარლამენტის პირველი სხდომა ჩატარდება „ყველამ ერთად გააგონოს საპროტესტო ხმა დღევანდელ ხელისუფლებას, რომ ამ არჩევნებს არ თვლიან, არც სამართლიანად და არც დემოკრატიულად“.

„მინდა მივმართო საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს. პირველ რიგში, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებს. მინდა გთხოვოთ, რომ ერთად დავიცვათ საქართველოს მოქალაქის არჩევნებში მონაწილეობის არსი, შინაარსი და აზრი. ასევე, ერთად დავიცვათ არჩევნების, როგორც მთავარი დემოკრატიული ინსტიტუტის შინაარსის და აზრის, საქართველოში ხელისუფლების მშვიდობიანად ცვლილებისთვის.

მოგეხსენებათ, რომ დღეს საქართველოს ქუჩებში ათობით ათასი საქართველოს მოქალაქე აპროტესტებს მოპარულ ხმებს და არჩევნების შედეგებს. ისევე, როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, თქვენი სახელმწიფოების და ევროკავშირის ხელმძღვანელები ამბობენ, რომ არჩევნების ლეგიტიმაციისთვის აუცილებელია სრულყოფილი დამოუკიდებელი გამოძიება ჩატარდეს.

ამ არგუმენტებიდან გამომდინარე მინდა გთხოვოთ, რომ არ დაესწროთ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას და ამით დავიცვათ საქართველოს მოქალაქეების ნება, რომ შემდგომი არჩევნები მოპარული არ იყოს. დავიცვათ შემდგომი არჩევნების შინაარსი და აზრი. დავიცვათ საქართველოს მოქალაქეების მისწრაფება არჩევნებით და მშვიდობიანად ჰქონდეთ შესაძლებლობა, როგორც დემოკრატიულ ქვეყანაში შეცვალონ ხელისუფლება“, – აღნიშნა გახარიამ.

მისივე თქმით, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები სისტემურად გაყალბებული იყო.

„სისტემური ხასიათის სამი ძირითადი ფაქტორი იყო. ეს იყო ფარულობა, კომისიების ფორმირება სრულად „ქართული ოცნების“ გავლენის ქვეშ და „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პირებით, ასევე, ჩვენი მოქალაქეების პერსონალური მონაცემების სისტემური გამოყენება, რამაც მიგვიყვანა იმ შედეგებამდე, რომ დღეს, არც საერთაშორისო საზოგადოება და არც ჩვენი მოქალაქეები, ამ არჩევნების შედეგებს არ იღებენ, როგორც ლეგიტიმურს და სამართლიანს. „ქართულ ოცნებას“ ძალიან კარგი შესაძლებლობა ჰქონდა იმისთვის, რომ ეს კრიზისი არ მომხდარიყო და ქვეყანა ამ კრიზისიდან გამოეყვანა. მათ უბრალოდ შეეძლოთ გამოექვეყნებინათ არჩევნებში მონაწილე მოქალაქეების სია და ამით ყველა კითხვას გაეცემოდა პასუხი. ისინი საპირისპიროდ მოიქცნენ და დაიწყეს ხელოვნური „ფეიქ“ გამოძიება და პროკურატურას, ფაქტობრივად, ტყვედ ააყვანინეს ის აპარატურა, რომელზეც ეს ინფორმაცია ინახება.

დღეს, როდესაც ქვეყანა აშკარად ლეგიტიმაციის კრიზისშია, მაშინ როდესაც თითოეული საქართველოს მოქალაქე თვლის, რომ არჩევნები და ხმა მას მოჰპარეს, რა თქმა უნდა, მე კიდევ ერთხელ დიდი პატივისცემით მინდა ვთხოვო ჩვენს ქვეყანაში აკრედიტებულ ელჩებს არ დაესწრონ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას, რათა არ მისცენ შესაძლებლობა „ქართულ ოცნებას“ მანიპულირების და სპეკულირების – ლეგიტიმაციის მიღების. მეორე მხრივ, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და ჩვენს მხარდამჭერს, მინდა ვთხოვო და მოვუწოდო, რომ იმ დღეს, როცა პარლამენტის პირველი სხდომა ჩატარდება, ყველამ ერთად გავაგონოთ ჩვენი საპროტესტო ხმა დღევანდელ ხელისუფლებას, რომ ამ არჩევნებს არ ვთვლით, არც სამართლიანად და არც დემოკრატიულად. შესაბამისად, ამ არჩევნების შედეგებს არ ვიღებთ მანამ, სანამ არ ჩატარდება სრულფასოვანი, დამოუკიდებელი, ნეიტრალური გამოძიება და ყველა ლეგიტიმურ კითხვას, როგორც საქართველოს მოქალაქეების, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების სრულფასოვანი პასუხი გაეცემა“, – განაცხადა გახარიამ.