შს სამინისტროს ინფორმაციით, საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით 16 ადამიანია დაკავებული.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მათგან 3 ხელწერილით უკვე გათავისუფლდა.
გამთენიისას, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აქციის მონაწილეებს მოუწოდა, გაათავისუფლონ ჭავჭავაძის გამზირისა და ვარაზისხევის მიმდებარე ტერიტორია ხელოვნურად აღმართული კონსტრუქციებისგან და პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში.
ამის შემდეგ სამართალდამცველებმა ჭავჭავაძის გამზირისა და ვარაზისხევის მიმდებარე ტერიტორიიდან კარვები და ის ტრანსპორტი გაიტანეს, რომლითაც აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილი ჰქონდათ ჩახერგილი. დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა კი ტერიტორია მოაწესრიგეს, ხოლო აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირზე გადაინაცვლეს.
ვარაზისხევში რადიკალური ოპოზიციის მომხრეებმა კარვების გაშლა კვირას გვიან ღამით დაიწყეს. „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერებმა მხარდამჭერებთან ერთად ვარაზისხევი, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირი, ასევე კეკელიძის ქუჩა გადაკეტეს და 24-საათიანი უწყვეტი პროტესტი დააანონსეს. თსუ-ის მიმდებარედ, ცენტრალურ სავალ გზაზე კი კარვები გაშალეს – სულ, დაახლოებით, 30-მდე კარავი.