უკრაინული გამოცემა – ელექტრონული გაზეთი „სტრანა“ (Страна) აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აქვეყნებს სარედაქციო სტატიას სათაურით „რა დგას აფხაზური არეულობების უკან და რა შედეგებს გამოიწვევს უწესრიგობები“, რომელშიც განხილული და გაანალიზებულია სიტუაციის სავარაუდო განვითარება და მისი შედეგები როგორც თვით აფხაზეთისათვის, ასევე საქართველოსა და რუსეთისათვის.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
უკრაინაში ბევრს გაუკვირდა აფხაზეთში დაწყებული პროტესტები რუსეთთან დადებული საინვენსტიციო ხელშეკრულების რატიფიცირებასთან დაკავშირებით, რომელსაც მოსკოვი აქტიურად მხარს უჭერს და, გავრცელებული აზრის თანახმად, მთლიანად აკონტროლებს „დამოუკიდებელი რესპუბლიკის“ საშინაო პოლიტიკას. და უეცრად, ანაზდეულად აფხაზეთი კრემლს „აუჯანყდა“ – მომიტინგეები პარლამენტში შეიჭრნენ და უკან არ გამოდიან, სანამ პრეზიდენტი არ გადადგება. რა ხდება?
უპირველესად უნდა ითქვას, რომ აფხაზეთი, ე.წ „სამხრეთ ოსეთისაგან“ და „ლუგანსკ-დონეცკის სახალხო რესპუბლიკებისაგან“ განსხვავებით, არასოდეს არ ყოფილა მთლიანად რუსეთის კონტროლქვეშ და ყოველთვის ავლენდა თავის „ჯიუტობას“ და „თავნებობას“.
მას შემდეგ, რაც აფხაზებმა რუსეთის ფედერაციის, მათ შორის ჩრდილოკავკასიელ მთიელ ხალხთა მხარდაჭერით, 1990-იანი წლების დასაწყისში საქართველოზე გამარჯვება მოიპოვეს, ისინი, მიუხედავად იმისა, რომ მთლიანად იყვნენ დამოკიდებულები რუსეთზე ფინანსურ-ეკონომიკური თვალსაზრისით და განსაკუთრებით უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში, მათ მაინც ჩამოაყალიბეს თავიანთი ხელისუფლების „ჩაკეტილი“ სისტემა პრინციპით „ტეხასს ტეხასელები უნდა ძარცვავდნენ“. ამიტომაც აფხაზური ელიტა, ადგილობრივ სომხუი დიასპორის წარმომადგენელებთან ერთად, ცდილობდა მთლიანად გაეკონტროლებინა რეგიონის ეკონომიკის ყველა დარგი და პირველ რიგში – მთავარი: ტურიზმის ინფრასტრუქტურა. თანაც აფხაზებს თავიანთი ფული მაინცდამაინც ბევრი არ ჰქონდათ, ამიტომაც ტურიზმის სფერო და მთლიანად „რესპუბლიკა“ თანდათან დაკნინებული ხდებოდა.
მოსკოვი უკვე დიდი ხნის განმავლობაში სთავაზობდა სოხუმს ამ პრობლემის მოგვარებას რუსი ბიზნესმენების მონაწილეობით, რომლებსაც შეეძლოთ მსხვილი კაპიტალის ჩადება როგორც კურორტების, ასევე სხვა დარგების განვითარებაში. აფხაზეთის „ხელისუფლება“ თანხმობას უკიდურესად აჭიანურებდა („მშობლიური მიწის სხვებისგან გაძარცვის“ მიზეზით). საკითხი „მკვდარი წერტილიდან“ მხოლოდ მხოლოდ ასლან ბჟანიას „პრეზიდენტობის“ დროს დაიძრა, რომელმაც რუსეთთან ხელი მოაწერა შეთანხმებას ინვესტიციების შესახებ, რომელიც აუქმებდა შეზღუდვებს რუსი ინვესტორების აფხაზურ ეკონომიკაში მონაწილეობაზე. ბუნებრივია, ამ ნაბიჯმა იმ ადგილობრივი სტრუქტურების უკმაყოფილება გამოიწვია, რომლებიც ამჟამად აფხაზეთში ტურიზმს აკონტროლებენ, რადგანაც მათ რუს ოლიგარქებთან კონკურენცია არ შეუძლიათ. ადგილობრივებმა საპროტესტო აქციები წამოიწყეს, რომლებსაც ბევრი რიგითი აფხაზი მიემხრო – ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ ინვესტიციებთან ერთად აფხაზეთში უამრავი რუსი შევიდოდა და ამით დაირღვეოდა ის „ჩაკეტილი“ სისტემა, რომელში ცხოვრებას ბოლო 30 წელია ადგილობრივები მიეჩვივნენ.
ვინ დგას პროტესტების უკან?
პრეზიდენტის გადადგომა მასობრივი პროტესტების ფონზე აფხაზეთში სრულიად ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს. თვითონ ასლან ბჟანია მას შემდეგ „გაპრეზიდენტდა“, როცა მასობრივი მღელვარების შედეგად „პრეზიდენტი“ რაულ ხაჯინბა გადადგა, თვითონ ხაჯინბამ კი იგივე მეთოდით „პრეზიდენტი“ ალექსანდრე ანქვაბი შეცვალა. ასე რომ, მთლიანობაში აფხაზეთში რაიმე ექსტრაორდინალური არაფერი არ ხდება.
ასლან ბჟანია, რომლის გადადგომას მისი მოწინააღმდეგეები მოითხოვენ (ბჟანიას საგვარეულო კლანი სოფელ თამიშში ცხოვრობს და იგი ამჟამად თავს სწორედ კლანს აფარებს), რუსეთთან ღრმა ინტეგრაციის მომხრეა, მაგრამ რესპუბლიკის „სუვერენიტეტის“ შენარჩუნებით, ანუ იგი არ არის მომხრე იმისა, რომ აფხაზეთი რუსეთის შემადგენლობაში გაერთიანდეს. რაულ ხაჯინბა კი, რომელიც აფხაზ ნაციონალისტებს წარმოადგენდა, გამოდიოდა, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოს დარჩენილიყო, მაგრამ ძველებურად მიეღო დოტაციები და უსაფრთხოების გარანტიები კრემლისაგან.
ამჟამად საპროტესტო აქციებს ყოფილი „პრეზიდენტის“ რაულ ხაჯინბას ძველი თანამზრახველები ხელმძღვანელობენ – ასლან ბარციცის სახით, რომელიც რაულ ხაჯინბას მმართველობის დროს ვიცე-პრეზიდენტი“ იყო, ხოლო ამჟამად პარტია „აფხაზეთის სახალხო ერთიანობის ფორუმს“ ხელმძღვანელობს, ან ადგურ არძინბას – „აფხაზეთის სახალხო მოძრაობის“ ლიდერის – სახით, რომელსაც რაულ ხაჯინბას დროს „ვიცე-პრემიერისა“ და „ეკონომიკის მინისტრის“ პოსტი ჰქონდა დაკავებული. შეიძლება ითქვას, რომ სოხუმში მიმდინარე გამოსვლები „ნაციონალისტების“ რევანშს წარმოადგენს 2020 წელს განცდილი დამარცხების გამო.
რასაკვირველია, ასეთ სიტუაციაში რამდენიმე კონსპიროლოგიური ვერსიებიც გაჩნდა – თითქოსდა არეულობები თურქეთის მიერ არის ინსპირირებული (თურქეთში ბევრი ეთნიკური აფხაზი ცხოვრობს, რომლებიც რუსეთმა მე-19 საუკუნეში, კავკასიის ომების დროს აიძულა ოსმალეთში გადასახლებულიყვნენ), ანუ ანკარას სურს აფხაზეთის „რესპუბლიკის“ ხელში ჩაგდებაო, მაგრამ თურქეთს რაიმე რეალური გავლენა მიმდინარე პროცესებზე არ აქვს. გარდა ამისა, ანკარა ოფიციალურად მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
საინტერესოა, რომ აფხაზი ოპოზიციონერები (ხაჯიმბისტები) რუსეთის გავლენის წინააღმდეგ არ გამოდიან – იგივე რაულ ხაჯიმბა თავის დროზე ვლადიმერ პუტინის აქტიური თაყვანისმცემელი იყო. ანუ მთლიანობაში ეს კონფლიქტი „პრორუსულ ძალებსა“ და „ნაციონალისტებს“ შორის საგარეო ორიენტაციის ირგვლივ არ მიმდინარეობს – აფხაზების რუსოფილობას ალტენატივა არ აქვს. სოხუმისათვის მხოლოდ ერთი მიმართულებაა – რუსეთი. რამდენიმე ქვეყანამ აფხაზეთის „დამოუკიდებლობა“ კი აღიარა, მაგრამ ისიც რუსეთის კარნახით და ზეწოლით. მოკლედ, „სუვერენული აფხაზეთი“ რუსეთის სრულ კმაყოფაზე იმყოფება…
აქედან გამომდინარე, აფხაზეთის პოლიტიკური სპექტრის წამომადგენელები ერთმანეთს ექიშპებიან მხოლოდ იმაში, თუ რა ფორმებით უნდა გამოიხატოს რუსეთის მხარდაჭერა. მაგალითად, „რუსოფილები“ ასლან ბჟანიას ხელმძღვანელობით, როგორც უკვე ითქვა, მხარს უჭერენ ეკონომიკურ ინტეგრაციას და რუსული კაპიტალის შეტანას, ხაჯიმბისტები კი, ასლან ბარციცისა და ადგურ არძინბას ლიდერობთ – რუსული დოტაციების მიღებას, მაგრამ რომელიც ადგილობრივად მათი კონტროლით განაწილდება.
ამჯამად ჩვენ სწორედ ამ ბრძოლის მორიგი რაუნდის მოწმენი ვართ და როგორც ცანს, მოვლენები „ტრადიციული“ სცენარით ვითარდება – პროტესტები, „პრეზიდენტის“ გადადგომა, ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლა, შემდეგ ისევ პროტესტები და ასე დაუსრულებლად.
და მაინც, შეიმჩნევა თუ არა რაიმე განსაკუთრებული ამ პროტესტებში, ადრინდელისაგან განსხვავებით?
ერთი შეხედვით, თითქოსდა ყველაფერი ჩვეული კალაპოტით მიდის, მაგრამ მეორე მხრივ, აფხაზური ელიტის ამჟამინდელ კონფრონტაციაში კრემლს შეუძლია უფრო ხისტი პოზიცია დაიკავოს და მიანიშნოს აფხაზებს, რომ ფულს ძველებურად იოლად აღარ მისცემს – მხოლოდ რუსი ინვესტორებისათვის აფხაზური ეკონომიკის კარის გაღებით. შესაძლოა უფრო კომპრომისული ფორმით, ვიდრე ეს ზემოთ ხსენებულ შეთანხმებით არის განპირობებული. მით უმეტეს, რომ არსებობს კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანი შეიძლება აღმოჩნდეს.
როგორც ადრე ვწერდით, საქართველოს მმართველმა პარტიამ – „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთისაგან დაშორება დაიწყო და რუსეთის ორბიტას მიუახლოვდა: დაირხა ხმები, რომ თბილისი და მოსკოვი მასშტაბურ პროექტს ამზადებენ საქართველოს მთლიანობის აღდგენის საკითხში – აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის დაბრუნებას საქართველოს შემადგენლობაში ფართო ავტონომიური სტატუსის საფუძველზე. ასეთი იდეის პრაქტიკული განხორციელება თავისთავად ძალიან რთულია, თუ გავითვილისწინებთ ქართველების ურთიერთობის ისტორიას აფხაზებთან, ოსებთან და რუსეთთან. მათგან ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს აფხაზეთი, სადაც ანტიქართული განწყობები განსაკუთრებით ძლიერია.
მით უმეტეს, რომ რეინტეგრაციის შემთხვევაში ჩნდება სამართლებრივი საკითხების მთელი კომპლექსი – იმ დევნილთა და ლტოლვილთა ქონებრივი უფლებებთან დაკავშირებით, რომლებიც აფხაზეთიდან 1990-იანი წლების დასაწყისში, კონფლიქტში ქართველთა მარცხის შედეგად გაიქცნენ (1989 წლის აღწერის მიხედვით, აფხაზეთის მოსახლეობის 45%-ს ქართველები შეადგენდნენ).
ამიტომაც, თუ მოსკოვს მართლაც განზარხული აქვს თავისი ზედამხედველობით განახორციელოს რეინტეგრაციის პროცესი, მაშინ, კრემლს, პირველ რიგში მოუწევს ხელში აიღოს აფხაზეთის სიტუაციის სრული კონტროლი, რაც არცთუ იოლი იქნება. თანაც არ არის გამორიცხული, რომ საინვესტიციო შეთანხმების რატიფიკაციასთან დაკავშირებული პროტესტების გარდა, „ნაციონალისტური“ ფრთა ცდილობს მიანიშნოს, რომ რუსეთის გეგმებს აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებასთან დაკავშირებით, რბილად რომ ვთქვათ, აფხაზები მოწონებით არ შეხვდებიან: „რუსებო, ასეთი რამ გულშიც არ გაივლოთ“.
ასე რომ, სოხუმში დაძაბული სიტუაციაა ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზის გამო და როგორ გადაწყვეტს ამ საკითხს მოსკოვი, ჯერ-ჯერობით გაუგებარია. თუ კრემლი აფხაზებზე ზეწოლას ძალისმიერი მეთოდებით მოახდენს, მოსკოვი კიდევ ერთ ცხელ წერტილს მიიღებს, რაც მისთვის სასურველი არ არის. სავარაუდოდ, რუსეთი შეეცდება დარწმუნებას, რომ აფხაზებს სხვა გზა არ აქვთ. ასევე არ არის გამორიცხული, რომ აფხაზეთის „ხელისუფლება“ რატიფიკაციას „სამომავლო საპრეზიდენტო არჩევნებამდე“ გადადებს, რომელიც ჩვეულებრივად, მარტში უნდა ჩატარდეს, ხოლო ასლან ბჟანიას გადადგომის შემთხვევაში, უფრო ადრეც.
მოკლედ, საბოლოო ჯამში ყველაფერი ორ მომენტზეა დამოკიდებული – გადადგება თუ არა „პრეზიდენტი“ და როგორ რეაგირებას მოახდენს სიტუაციაზე საბოლოოდ მოსკოვი.