ყველამ ავიღოთ მელანი, ვინც სადავ გამყალბებელს ვნახავთ, შევასხათ სახეში, ეს არის გეგმა, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ცესკო-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა.
ვაშაძემ დავით კირთაძეს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისი მოწოდებაა, ყველა გამყალბებელს საზოგადოებამ პასუხი გასცეს.
„მინდა, მადლობა ვუთხრა დავით კირთაძეს. მან გააკეთა ქართველი ხალხის გასაკეთებელი და ამით თქვა სათქმელი, რომ ეს არჩევნები დაწერილი შედეგების არჩევნებია, რომელსაც არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს. ყველამ, აქ ვინც არის, ამ საქციელს ტაში შემოკრა. კალანდარიშვილს და მის გვერდზე მჯდომებმა იცოდნენ, რომ არიან ამ ქვეყნის სირცხვილი და გარეთ თავს ვერ გამოყოფენ. საზოგადოებას ვეუბნები, ძალიან კარგი, სიმბოლური ქმედებაა. ყველამ ავიღოთ მელანი, ვინც სადმე გამყალბებელს ვნახავთ, შევასხათ სახეში. აი, ეს არის გეგმა. მოწოდებაა, ყველა გამყალბებელს საზოგადოებამ პასუხი უნდა გასცეს“, – აღნიშნა ვაშაძემ.