თბილისის საქალაქო სასამართლოში ბადრი ჯაფარიძის მაგისტრატ მოსამართლესთან გამოკითხვა დასრულდა

12
spot_img

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის მაგისტრატ მოსამართლესთან გამოკითხვა დასრულდა.

ბადრი ჯაფარიძე ორი საათის განმავლობაში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პროკურატურის შეკითხვებს პასუხობდა.

როგორც გამოკითხვის შემდეგ ჯაფარიძემ განაცხადა, გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია არჩევნების გაყალბების არაერთ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც 7 ნოემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში აქვთ თავმოყრილი და რომ მან საკუთარი თვალით ნახა მარნეულში სხვადასხვა საარჩევნო უბანზე გაყალბების არაერთი ფაქტი.

მისი განცხადებით, ეს ფაქტები პროკურატურის გამოსაძიებელია, თუმცა საგამოძიებო უწყებას არ ენდობა და ვარაუდობს, რომ პროკურატურა ობიექტურ შედეგს არ დადებს.

პროკურორ ქეთევან ჩაჩავას განცხადებით, ჯაფარიძემ არაერთ ფაქტზე ისაუბრა, თუმცა კონკრეტული წყარო ვერ დაასახელა. მისი თქმით, ყველა იმ ფაქტს, რომელზეც ჯაფარიძემ ისაუბრა, საგამოძიებო ორგანო გადაამოწმებს.