იანვარ-ოქტომბერში ექსპორტის ზრდამ 7%-ს გადააჭარბა და რეკორდული მოცულობა – 5.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა

6
spot_img

2024 წლის ოქტომბერში ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა – გასული წლის ოქტომბერთან შედარებით 39%-ით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 681.7 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, ქვეყანაში ექსპორტის ზრდის საკმაოდ მყარი დინამიკა ნარჩუნდება.

„ზოგადად, ოქტომბრის თვეში ექსპორტის საკმაოდ მაღალი ზრდა ფიქსირდება, იანვარ – ოქტომბრის მაჩვენებლით კი ზრდა 7 %-ს აჭარბებს. აღსანიშნავია, რომ ექსპორტის მოცულობა რეკორდულია და დაახლოებით 5.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა“, – აცხადებს მინისტრის მოადგილე.

ამასთან, ვახტანგ ცინცაძის ინფორმაციით, ქვეყანაში იზრდება სავალუტო შემოდინებები, მათ შორის, არამხოლოდ ექსპორტის ხარჯზე – ზრდა ფიქსირდება ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მხრიდანაც. როგორც მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, ასევე საკმაოდ ძლიერია სავალუტო შემოდინებები მომსახურების ექსპორტიდან, რაც საბოლოო ჯამში პოზიტიურად აისახება მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებზე.

„ქვეყანაში მაკროეკონომიკური ფუნდამენტები საკმაოდ ძლიერია, გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა. ინფლაცია მიზნობრივ დონეზე ქვემოთ ნარჩუნდება, რაც გვაძლევს პოზიტიური მოლოდინის საფუძველს – რომ მომავალ თვეებში და წლებში საქართველო შეინარჩუნებს იმაზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას, ვიდრე ამას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებენ. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი მაკროეკონომიკური პარამეტრები გაცილებით ჯანსაღია 2024 წლის განმავლობაში და არაერთი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ მოხდა მათი ზრდის მიმართულებით გადახედვა. ეს ერთი პოზიტიური სიგნალია არამხოლოდ ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო ინვესტორებისთვისაც“, – განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, აღსანიშნავია, რომ 2023 წელს ექსპორტის და სავაჭრო ბრუნვის რეკორდული მოცულობა დაფიქსირდა – ექსპორტი 9%-ით გაიზარდა და 6.1 მილიარდი აშშ. დოლარი შეადგინა, ხოლო სავაჭრო ბრუნვის ზრდამ 13.4% შეადგინა და 21.7 მლრდ აშშ. დოლარს გაუტოლდა.