გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციის (COP29) მასპინძელმა აზერბაიჯანმა დასავლეთი გააკრიტიკა – Reuters

15
spot_img

ბრიტანულმა საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტომ „როიტერმა“ (Reuters) თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციის (COP29) მასპინძელმა აზერბაიჯანმა დასავლეთი გააკრიტიკა (ავტორები – უილიამ ჯეიმსი და საიმონ ჯექსონი).

გთავაზობთ პუბლიკაციას:

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე წარმოთქმული სიტყვა, თავისი ქვეყნის ნავთობის და გაზის ინდუსტრიის დასავლელ კრიტიკოსებზე თავდასხმისთვის გამოიყენა. მან თქვა, რომ აზერბაიჯანის ნავთობის ინდუსტრია „ცილისწამების და შანტაჟის კარგად ორკესტრირებული კამპანიის“ მსხვერპლი იყო.

ილჰამ ალიევის კომენტარები გაჟღერდა სამიტის მეორე დღეს, რომელშიც თითქმის 200 ქვეყანა მსჯელობს იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ წიაღისეული საწვავის გამონაბოლქვის შემცირება და სულ რამდენიმე წუთით ადრე, სანამ გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში იტყოდა, რომ წიაღისეულ საწვავზე გაორმაგებული ფსონის დადება აბსურდული სტრატეგიაა.

მთავარ სცენაზე ორი ერთმანეთის საწინააღმდეგო შეხედულების გაჟღერება ხაზს უსვამს გამოწვევას, რომელიც კლიმატზე მოლაპარაკებებს ახლავს: დასავლეთის ბევრი სახელმწიფო წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებული რჩება და იმავდროულად სხვებზე, რომლებიც საწვავს მოიპოვებენ, წნეხის განხორციელებას ცდილობს, რათა ისინი ენერგიის უფრო „მწვანე“ წყაროებზე გადაერთონ.

ამ დროს ჰოლანდიის სააპელაციო სასამართლომ ნავთობის და გაზის კომპანია „შელის“ (Shell) სასარგებლოდ გამოსცა კლიმატზე საეტაპო დადგენილება, რომლითაც კომპანიისთვის გამოცემული გამონაბოლქვის მკვეთრად შემცირების ორდერი გააუქმა.

აზერბაიჯანის ეკონომიკაში ნავთობით და გაზით მიღებულმა შემოსავალმა 2023 წელს 35 პროცენტი შეადგინა, რაც წინა წელს 50 პროცენტი იყო. მთავრობა ამბობს, რომ 2028 წლსთვის ეს შემოსავალი 22 პროცენტამდე შემცირდება.

„როგორც COP29 კონფერენციის პრეზიდენტი, ჩვენ რა თქმა უნდა ძლიერად მხარს ვუჭერთ „მწვანე“ გარდაქმნას და ამას ვაკეთებთ, მაგრამ იმავდროულად რეალისტები უნდა ვიყოთ“, – თქვა ალიევმა, – „ქვეყნებს ამ (რესურსის) ქონაში ბრალი არ უნდა დავდოთ. მათ არც ის უნდა ვუსაყვედუროთ, რომ ეს რესურსები ბაზარზე გამოაქვთ, რადგან ბაზარს ეს სჭირდება. ადამიანებს ეს სჭირდება“, თქვა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

კონკრეტული კრიტიკის სამიზნედ მან გამოარჩია შეერთებული შტატები, ისტორიულად მსოფლიოში ნახშირბადის ყველაზე დიდი გამომფრქვევი ქვეყანა და ევროკავშირი.

„სამწუხაროდ, დასავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში ორმაგი სტანდარტები, სხვა ქვეყნებისთვის ჭკუის დარიგების ჩვევა და პოლიტიკური ფარისევლობა, ზოგიერთი პოლიტიკოსისთვის, სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული არასამთავრობოებისთვის და ყალბი ახალი ამბების მედიისთვის მოქმედების სტილად იქცა“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

შეერთებული შტატების კლიმატის საკითხებში ეროვნულმა მრჩეველმა ალი ზაიდიმ ალიევის კომენტარები უარყო და განაცხადა, რომ ყველა ქვეყანამ ნახშირბადის გამოყენება ისეთი ტემპით რომ შეამციროს, როგორც ამას შეერთებული შტატები აკეთებს, მსოფლიო კლიმატთან დაკავშირებულ თავის მიზნებს მიაღწევდა. ევროკავშირმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

სამშაბათს, სამიტის პრეს-კონფერენციაზე, ოფიციალურ პირებს სურდათ ყურადღება კვლავ გაემახვილებინათ სამიტის პირველად მიზანზე – მიეღწიათ შეთანხმებისთვის, რათა განვითარებადი ქვეყნები კლიმატის საკითხებზე ყოველწლიურად 1 ტრილიონი დოლარით დააფინანსონ.

წყარო