ვინც ქვეყანას დასავლურ კურსს აშორებს, ქვეყნის მოღალატეა – ქვეყნის კურსი რომ იცვლება, ამის დასანახად დროშა არ მჭირდება. კურსის ცვლილება „ქოცებს“ გადაიყოლებს, – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ წინა წლისგან განსხვავებით, პარლამენტის შენობაზე, 26 მაისის ღონისძიებისთვის, ევროკავშირის დროშა გამოფენილი აღარ არის.
რაც შეეხება “ქართული ოცნების” არგუმენტს, რომ კრიტიკოსები ქართული დროშის დანახვამ გააღიზიანა, ხვიჩია ამბობს, რომ ღალატს ვერ შეფუთავენ და “ის დროშებს მიღმაც მოჩანს.”
“სიმართლე გითხრათ, არ შემიმჩნევია იქ იყო თუ არა ევროკავშირის დროშა, მაგრამ ქვეყნის კურსი რომ იცვლება, ამის დასანახად დროშა არ მჭირდება. დროშა იქ რომც იყოს, ქვეყნის დასავლური კურსი შეცვლილია და ეს ჩემი აზრით, “ქოცებს” გადაიყოლებს.
ვინც ქვეყანას დასავლურ კურსს აშორებს, ის ქვეყნის მოღალატეა და არა პატრიოტი, ჩემი აზრით. რაც არ უნდა დროშებით ფუთო ქვეყნის მოღალატეობა, არ შეიფუთება, მოჩანს დროშების მიღმაც,” – განაცხადა ხვიჩიამ.
დეპუტატი, ასევე, გამოეხმაურა ნატო-ს გენმდივნის განცხადებას, რომ “მნიშვნელოვანია, საქართველო დემოკრატიულ ღირებულებებს, რისიც სწამთ, შეესაბამებოდეს და ელიან, რომ ნატო-ს არაწევრი მოკავშირეები დაიცავენ სანქციებს.”
“ქოცების” ვაჟკაცობის ამბავი იმდენად შორსაა გავარდნილი, ნატო-ს გენმდივნამდეც, რომ ისეთი საფრთხე არსებობს, რომ საქართველოდან შეიძლება რუსეთი მარაგდებოდეს საბრძოლო ინვენტარით. ის, რომ ჩვენზე ასეთი ეჭვი აქვთ, არის ძალიან გამოუსწორებელი ზიანი ახლა, ამ წუთას, ამ მოცემულობით, რადგან აქამდე ვითვლებოდეთ დასავლეთის ერთგულ მეკავშირეებად. ახლა” ქართული ოცნება” გამოდის და ცდილობს ქართული ხომალდი რუსეთისკენ მიატრიალოს. ეს ნებისმიერ შემთხვევაში “ქართულ ოცნებას” კრახამდე მიიყვანს, მეგობრები, როგორც ეს მეგობრებს შეეფერებათ აფრთხილებენ საქართველოს ხელისუფლებას. მე არ მგონია, რომ “ქართულ ოცნებას” რამე უშველის, მაგრამ ჩემი აზრით, ეს სწორი გაფრთხილებაა ქართველი ხალხისთვის, რომ ჩვენ მივხედოთ ჩვენს თავს,” – განაცხადა ხვიჩიამ.