ტრამპი აქტიური რეფორმების გატარებისთვის ემზადება – CNN

3
spot_img

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თანამდებობის დასაკავებლად აქტიურად ემზადება და საკუთარ გუნდთან პირველ გასატარებელ ნაბიჯებს განიხილავს, ვინაიდან თვლის, რომ დამაჯერებელი გამარჯვება მას წინასაარჩევნო პროგრამის რეალიზების საშუალებას აძლევს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„სახალხო არჩევნებში გამარჯვება ყველაფერს ცვლის. ის იძლევა მანდატსა და საერთო ეროვნულ ნდობას იმის რეალიზებისთვის, რის გაკეთებასაც ის ოვალური კაბინეტიდან აპირებს“, – განუცხადა ტელეარხს ტრამპის საარჩევნო კამპანიის მრჩეველმა ჯეისონ მილერმა.

ტელეარხის ცნობით, ტრამპი საკუთარ მრჩევლებთან და თანაშემწეებთან განიხილავს ისეთი ზომების მიღებას, როგორიცაა საზღვრების უსაფრთხოება, ეკონომიკის აღდგენა და რიგი ენერგეტიკული შეზღუდვების გაუქმება.

CNN-ს წყარო უყვება, რომ პირველი ვადისგან განსხვავებით, ახლა ტრამპი საკუთარ გუნდს სკრუპულოზურად შეარჩევს, რათა საკვანძო პოზიციებზე აღმოჩნდეს ისეთი ადამიანები, რომლებიც არა მხოლოდ კომპეტენტური, არამედ ერთგულები იქნებიან.