ველოდებით, რომ საქართველოს მთავრობა გააუქმებს „უცხოური ჩარევისა“ და „ღირებულებებისა და ოჯახის შესახებ“ კანონებს, – ამის შესახებ განცხადება ევროპარლამენტარების კითხვებზე საპასუხოდ მარტა კოსმა გააკეთა, რომელიც ევროკომისიის ახალ შემადგენლობაში გაფართოების საკითხებზე ევროკომისრის პოზიციაზეა წარდგენილი.
მისივე თქმით, ქართველმა ხალხმა არ უნდა დაკარგოს იმედი.
„მე მაქვს გზავნილი ქართველი ხალხისადმი – არ დაკარგოთ იმედი. ჩვენ მზად ვართ, გაფართოების პროცესი გავაგრძელოთ. პირველი პირობა, რომელიც უნდა შესრულდეს, არის ის, რომ საქართველოს მთავრობამ დაგვანახოს, რომ აქვთ ნება ამ გზით იარონ და ველოდებით, რომ ისინი გააუქმებენ ორ კანონს, რომლებიც მიიღეს – „უცხოური ჩარევის შესახებ“ და „ღირებულებებისა და ოჯახის შესახებ“ კანონებს. ამ კანონების გაუქმება იქნებოდა პირველი ნიშანი და ჩვენ ვართ მზად, მხარი დავუჭიროთ საქართველოს გზას ევროკავშირისკენ.
ჩვენ მომზადებული გვაქვს ფინანსური პაკეტი არა მხოლოდ მთავრობისა და რეფორმებისთვის, არამედ სამოქალაქო საზოგადოებისთვის. ვფიქრობ, ჯერ არაფერი დასრულებულა. იმედი მაქვს, ჩვენ შევძლებთ, ევროპარლამენტის მხარდაჭერით გავაგრძელოთ საქართველოს დახმარება“, – განაცხადა მარტა კოსმა.
მარტა კოსი გაფართოების საკითხებში ევროკომისრის თანამდებობაზე ოლივერ ვარჰეის შეცვლის, თავად ვარჰეი კი ჯანდაცვის კომისრადაა წარდგენილი.