,,ჩვენ ვიბრძვით არჩევნების შედეგების ბათილობისთვის, ამისთვის ყველა გზას გამოვიყენებთ”- ნიკა გვარამია

11
spot_img

ჩვენ ვიბრძვით არჩევნების შედეგების ბათილობისთვის, ამისთვის გამოვიყენებთ ყველა გზას, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

გვარამიას თქმით, “სამწუხაროა ევროპელი ლიდერების განცხადებები, მაგრამ კანონზომიერი, რადგან ჩვენ გვყავს რუსული მთავრობა”.

“ჩვენ პრეზიდენტის ინიციატივებს არ ვიხილავდით, საუბარი გვქონდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება ამ ქვეყანაში, როგორ ვხედავთ ოპოზიციური პარტიები და რა გეგმები გვაქვს ან ხომ არ შეცვლილა ეს გეგმები. ცხადია, ეს გეგმები არ შეცვლილა, ჩვენ ვიბრძვით არჩევნების შედეგების ბათილობისთვის, ამისთვის გამოვიყენებთ ყველა გზას, როგორც ლეგალურს, ანუ სასამართლოებს და, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოსაც, ასევე გამოვიყენებთ კონსტიტუციითა და კონვენციებით ნებადართულ გზას სახალხო დემოკრატიისა, რომელსაც მარტივად ჰქვია ქუჩა. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არჩევნები არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას, ეს იცის მსოფლიოში ყველამ. ბუნებრივია, რომ საერთაშორისო შესწავლა ამ არჩევნების აუცილებლად მოხდება იმიტომ, რომ, ყველას შევახსენებ, მეოთხე პუნქტი ბოლო რეკომენდაციებისა ეხება თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, რამდენად იყო ეს არჩევნები შესაბამისობაში ამ დათქმასთან, ეს ისედაც ცხადი და გასაგებია, თუმცა ჩვენ მტკიცებულებებითაც ამას გავამყარებთ. ახალი არჩევნები იქნება.

პრეზიდენტთან არ გვისაუბრია, საპროტესტო მოძრაობა მოსწონს თუ არა. პრეზიდენტი არის ჩვენი კონსტიტუციური უფლებების დაცვის გარანტი, მას ეს ვალდებულებაც და უფლებაც აქვს და, შესაბამისად, როცა ადამიანები კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას იყენებენ, არ მგონია, ეს პრეზიდენტს არ მოსწონდეს.

სამწუხაროა ევროპელი ლიდერების განცხადებები იმიტომ, რომ ჩვენ ევროპელი ხალხი ვართ, მაგრამ კანონზომიერია, რადგან ჩვენ გვყავს რუსული მთავრობა, ამიტომ, თუ გვინდა, რომ თანხვედრაში იყოს ჩვენი ხალხის ევროპული მისწრაფებები ჩვენი სახელმწიფოს ქმედებებთან, უნდა გვყავდეს ახალი მთავრობა ევროპული მისწრაფებებით. ბუნებრივია, რომ სახელმწიფოს პოზიციას საერთაშორისო ასპარეზზე გამოხატავს ხელისუფლება, ვიდრე ასეთია ხელისუფლება, ევროპა თავის ოჯახში არ მიგვიღებს, ეს ძალიან გასაგებია, ეს არავის უნდა ეწყინოს და ვისაც ეს არ მოსწონს, ხელისუფლება უნდა შეცვალოს. მოგვპარეს არჩევნები? წავართვათ უკან!”, – აღნიშნა გვარამიამ.