სააპელაციო სასამართლოსთან დაანონსებულია აქცია, შესაბამისად, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველსაყოფად-ვაჟა სირაძე

3
spot_img

საპატრულო პოლიციის უფროსი, ვაჟა სირაძე აცხადებს, რომ სააპელაციო სასამართლოსთან საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველსაყოფად არის მობილიზებული პოლიცია, რადგან ადგილზე დაანონსებულია აქცია.

„როგორც მოგეხსენებათ, დაანონსებული არის აქცია სააპელაციო სასამართლოსთან. შესაბამისად, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რათა უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგი. პოლიციის რაოდენობასთან დაკავშირებით პირადად ვიღებთ გადაწყვეტილებას და საჭიროებისამებრ გამოგვყავს ხოლმე. სასამართლოს შენობაა, მიმდინარეობს პროცესები და რომ არ მოხდეს ვითარების ესკალაცია, დაძაბულობა, პოლიციელები იქნებიან ადგილზე, რათა მშვიდად წარიმართოს სასამართლო პროცესები“, – აღნიშნა ვაჟა სირაძემ.

ამასთან, ვაჟა სირაძე განმარტავს, რომ კანონმდებლობით აკრძალულია სასამართლო და სხვა სტრატეგიული ობიექტების ბლოკირება, ასევე, მისი ფუნქციონირების შეფერხება.

„აქციის მონაწილეებმა და მათმა ორგანიზატორებმა აღნიშნული კანონი კარგად იციან და თუ მოხდა მსგავსი რამ, პოლიცია მოუწოდებს მათ კანონის დაცვისკენ.  საუბარი იყო აგრეთვე გზასთან დაკავშირებით, პოლიცია გარეთაც მობილიზებულია ასევე იმისთვის, რომ თავისუფლად მოხდეს მოქალაქეების გადაადგილებაც და არ მოხდეს სიტუაციის დაძაბვა“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

რაც შეეხება მარშალ გელოვანის გზის ნაწილის გადაკეტვას, ვაჟა სირაძის თქმით, გზის სივიწროვიდან გამომდინარე, ვინაიდან ფიზიკურად გადაადგილება შეუძლებელი იყო, მოხდა ამ მონაკვეთზე გადაადგილების შეზღუდვა.

ცნობისთვის, ოპოზიციას დღეს სპორტის სასახლესთან ჰქონდა დაგეგმილი აქცია, თუმცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააპელაციო სასამართლოს წალკისა და თეთრიწყაროს ოლქებში შემავალი რამდენიმე უბნის შედეგების გაბათილებასთან დაკავშირებით საჩივარი უნდა განეხილა. ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა სააპელაციო სასამართლოსთან გადაინაცვლეს, თუმცა, არსებული ინფორმაციით, სარჩელის განხილვა გადაიდო.