ორგანიზაცია „მითების დეტექტორი“ – საქართველოს რუკასთან დაკავშირებით შალვა პაპუაშვილის ბრიფინგიდან შეცდომაში შემყვანი ფოტოები ვრცელდება

14
spot_img

საქართველოს რუკასთან დაკავშირებით შალვა პაპუაშვილის ბრიფინგიდან შეცდომაში შემყვანი ფოტოები ვრცელდება, – ამ სათაურით ორგანიზაცია „მითების დეტექტორი“ აქვეყნებს მასალას.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 4 ნოემბერს სოციალურ ქსელში, მათ შორის, მედიების ფეისბუქგვერდებზე ფართოდ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრიფინგზე, პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერის, შალვა პაპუაშვილის პრეზენტაციაზე საქართველოს რუკა ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე იყო წარმოდგენილი. ინფორმაციას თან ახლდა ფოტოები, რომლებზეც ოკუპირებული ტერიტორიები არ შეიმჩნევა.

„მითების დეტექტორის“ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით: „შეცდომაში შემყვანია ინფორმაცია, თითქოს შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე წარმოადგინა პრეზენტაცია, რომელზეც საქართველოს რუკა დროებით ოკუპირებული ტერიტორიების გარეშეა გამოსახული. პარტიის პრესსამსახურის მიერ მოწოდებულ იმავე პრეზენტაციაში ჩანს, რომ მასში აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონიცაა გამოსახული, თუმცა ისინი ნაცრისფრადაა აღნიშნული, რადგან ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნები არ ჩატარებულა. ასევე, მედიაში გავრცელებული მასალებიდანაც ჩანს, რომ გარკვეული რაკურსით გადაღების შემთხვევაში რუკაზე აღნიშნული ტერიტორიების კონტურებიც ჩანს“.

„4 ნოემბერს შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგი გამართა. მან არაერთ საკითხზე ისაუბრა, მათ შორის, საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებისა და წინასაარჩევნო პერიოდის შესახებ.

ერთ-ერთ ეპიზოდში, როდესაც პაპუაშვილი საარჩევნო დეზინფორმაციის შესახებ საუბრობს, ეკრანზე აჩვენებს სლაიდს, რომელზეც საქართველოს რუკა ჩანს. რუკასთან ერთად, დატანილია ინფორმაცია „ქართული ოცნების“ დელეგატებისა და მათი აქტივობის შესახებ. მისი თქმით, არჩევნებსა და გარკვეულ რეგიონში „ქართული ოცნების“ მაღალ მხარდაჭერასთან დაკავშირებით ქსენოფობიური კამპანია მიმდინარეობს. სინამდვილეში კი, მან არჩევნებში პარტიის დიდი რაოდენობით ხმების მოპოვება დელეგატების აქტიურობას დაუკავშირა.

შალვა პაპუაშვილის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ჩართული პირდაპირი ეთერის ყურებისას რუკაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები შეუმჩნეველია და მათ მაგივრად თეთრი ფონია. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ფეისბუქზე დაწერა, რომ პრეზენტაციაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები ღია ფერით იყო აღნიშნული, რაც „კამერებში კარგად არ გამოჩნდა“.

ონლაინგამოცემა „პუბლიკამ“ პაპუაშვილის ბრიფინგიდან ფოტოები გაავრცელა, რომელზეც შეიმჩნევა, რომ ოკუპირებული ტერიტორიები ნაცრისფრადაა აღნიშნული და ისინი თეთრ ფონზე რთულად გაირჩევა. მედიის ცნობით, ზოგიერთი რაკურსიდან პრეზენტაციაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები მართლაც არ შეიმჩნევა.

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურმა „მითების დეტექტორს“ მიაწოდა პრეზენტაცია, რომელიც შალვა პაპუაშვილმა 4 ნოემბრის ბრიფინგზე წარადგინა. პრეზენტაციაზე ჩანს, რომ რუკაზე ოკუპირებული ტერიტორიები აღნიშნულია, თუმცა დანარჩენი ტერიტორისგან განსხვავებულად, ნაცრისფრადაა მონიშნული.

პრეზენტაციის მომდევნო გვერდზე პაპუაშვილმა აჩვენა, რომ ოპოზიციას საქართველოს მასშტაბით დელეგატები არ ჰყოლია, თუმცა არაერთი ვიზიტი ჰქონდათ ევროპასა და აშშ-ში. აღსანიშნავია, რომ მომდევნო გვერდზე საქართველოს რუკა სრულად ნაცრისფერი იყო. მისი წარდგენისას, ოკუპირებული ტერიტორიების მსგავსად, ის კადრებში არ ჩანდა და მის მაგივრად მხოლოდ თეთრი ფონი იყო. 

აღნიშნულ ინფორმაციას თავად შალვა პაპუაშვილიც გამოეხმაურა. მისი განმარტებით, პრეზენტაციაზე ოკუპირებული ტერიტორიები განსხვავებული ფერით გამოსახეს, რადგან იქ არჩევნები ვერ ტარდება, შესაბამისად, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუხი ფერითაა გამოსახული. ლურჯად კი ის ტერიტორიაა აღნიშნული, სადაც საქართველოს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა და „ქართულ ოცნებას“ დელეგატები ჰყავდა“, – ნათქვამია ორგანიზაცია „მითების დეტექტორის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.