ტრაგედიაა, როდესაც საქართველოში არსებობენ პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც ცდილობენ საკუთარი ქვეყანა დააზიანონ-გიორგი ვოლსკი

8
spot_img

„ლელოს“ ყოფილი წევრის, თამარ შიოლაშვილის მიერ გასაჯაროებულ გზავნილებს, რომლებიც „ლელოს“ პარტიულ დირექტივებს ეხება, მმართველ გუნდში აფასებენ. როგორც პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ განაცხადა, აშკარაა იმ საბოტაჟის განხორციელების მცდელობა, რომელიც ხელისუფლების ოპონენტებმა თვეების წინ მოამზადეს. გიორგი ვოლსკის თქმით, ტრაგედიაა, როდესაც პოლიტიკური სუბიექტი საარჩევნო პროცესებისთვის ზიანის მიყენებას ცდილობს.

„ვისზეც არის საუბარი, ის ადამიანი, მოითხოვს ოპოზიციონერი კომისიის წევრებისგან საბოტაჟის განვითარებას იმ გეგმით, რომელიც მათ თვეების წინ მოიფიქრეს. ტრაგედიაა, როდესაც საქართველოში არსებობენ პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც ცდილობენ საკუთარი ქვეყანა დააზიანონ. ერთ-ერთი ამის აშკარა მაგალითია ის ისტერიკა, ბრძოლა, რომელიც აწარმოეს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ყოფილმა წევრმა, თამარ შიოლაშვილმა სოციალურ ქსელში პარტიიდან მიღებული დირექტივების სქრინები გამოაქვეყნა. კოალიციის საერთო ჩატის მიმოწერიდან ჩანს, რომ პარტია საოლქო კომისიის წევრებს კონკრეტულ დავალებებს აძლევს. მაგალითად, სასწრაფო დირექტივა ეხება იმას, რომ საოლქო კომისიის წევრებმა ხელი არ უნდა მოაწერონ ოქმებს.

თამარ შიოლაშვილმა ხაზარაძის კოალიცია „ძლიერი საქართველო“ და პარტიისგან კომისიის წევრის სტატუსიც დატოვა. მიზეზად მითითებები და დირექტივები დაასახელა, რაც მისი თქმით, არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს და მორალს.