“მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, არ გაჰყვეს ბელარუსის გზას” – უკრაინის საგარეო უწყება

13
spot_img

არჩევნების ლეგიტიმურობის უზრუნველსაყოფად და პოლიტიკური კრიზისის თავიდან აცილების მიზნით უნდა მოხდეს საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ დადგენილი ფაქტების გამოძიება, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, არ გაჰყვეს ბელარუსის გზას , – ამის შესახებ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაში უკრაინის საგარეო უწყება აღნიშნავს, “გასაკვირი არ არის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებმა რუსეთში დიდი მოწონება დაიმსახურა, რადგან სწორედ რუსული რეჟიმისთვის დამახასიათებელია ნების გამოვლენის შედეგებზე ზემოქმედების ასეთი მეთოდები“.

„უკრაინა ყურადღებით ადევნებდა თვალს 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობას. ჩვენ მხარს ვუჭერთ OSCE/ODIHR-ის საერთაშორისო მისიის დასკვნებს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების შესახებ, რომელმაც დააფიქსირა მრავალი დარღვევა.

მოსყიდვა, დაშინება, იძულება და ამომრჩევლებზე ზეწოლა, ხმის მიცემის გამჭვირვალობის არარსებობა, ოპოზიციური პარტიების მასმედიამდე წვდომის შეზღუდვა – ეს მხოლოდ იმ დარღვევების არასრული ჩამონათვალია, რითაც ამ არჩევნებმა თავი დაგვამახსოვრებინა. გასაკვირი არ არის, რომ ამ არჩევნების შედეგებმა რუსეთში დიდი მოწონება დაიმსახურა, რადგან სწორედ რუსული რეჟიმისთვის დამახასიათებელია ნების გამოვლენის შედეგებზე ზემოქმედების ასეთი მეთოდები. ამავე დროს, ისინი შეუთავსებელია საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოცხადებულ გზასთან ევროკავშირისა და ნატოსკენ. არჩევნების ლეგიტიმურობის უზრუნველსაყოფად და პოლიტიკური კრიზისის თავიდან აცილების მიზნით უნდა მოხდეს საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ დადგენილი ფაქტების გამოძიება. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, არ გაჰყვეს ბელარუსის გზას”, – წერია განცხადებაში.