ევროკომისიის ანგარიში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კონკრეტულად აფასებს ბევრ მიმართულებას, კარგად ასახავს იმ პროგრესს, რაც საქართველოს აქვს-მაკა ბოჭორიშვილი

11
spot_img

ანგარიში, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რადგან კონკრეტულად აფასებს ძალიან ბევრ მიმართულებას საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობეში, კარგად ასახავს იმ პროგრესს, რა პროგრესიც საქართველოს აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

ბოჭორიშვილის თქმით, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი არის საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესი.

„ამას ძალიან ბევრი მიმართულებით მუშაობა და მუშაობის გაგრძელება სჭირდება. ეს არის ჩვენი სურვილიც და მიზანიც. ჩვენ არ დაგვიმალავს და ვამბობთ, რომ 2028 წლისთვის საქართველოს ასოცირების შეთანხმების 90%-ზე მეტი შესრულებული ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველწლიურად ეს ანგარიში იქნება იმ პროგრესის ამსახველი, რასაც საქართველო მიიღებს სხვადასხვა მიმართულებით. რაც შეეხება კრიტიკულ მხარეებს, იქ არის რეკომენდაციები და კრიტიკული შეფასებებიც, ამას ჩვენ ძალიან ყურადღებით შევისწავლით, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ვუპასუხოთ ევროკომისიის კრიტიკულ შეფასებებს. რაც შეეხება კანონებს, კანონები, რომლებიც მიღებულია საქართველოს პარლამენტის მიერ, ეფუძნება იმ ობიექტურ საჭიროებებს, რა საჭიროებების წინაშეც დგას ქვეყანა, ქართული საზოგადოება. იმ წუხილებზე, რაც ჰქონდა ევროკავშირს, შეგვიძლია ამაზე ვისაუბროთ, მაგალითად, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით. რაც შეეხება ლგბტ პროპაგანდას, სინამდვილეში ეს არის ოჯახური ფასეულობების დაცვის შესახებ კანონი. წუხილი იმის შესახებ, თითქოს ეს კანონი დისკრიმინაციულია, შეგვიძლია ამაზეც ვიმსჯელოთ. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის და რისი მოლოდინიც ქართულ მხარეს აქვს, არის ის, რომ ჩვენ გვექნება კონსტრუქციული დიალოგის შესაძლებლობა ევროკავშირთან, ისევე როგორც სხვა კანდიდატ ქვეყნებს აქვთ. საქართველოსთან მიმართებაში ევროკავშირის მხრიდან არ იქნება განსხვავებული მიდგომა გამოყენებული, რისი საფუძველიც არ არსებობს“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ევროკომისიამ ევროკავშირის გაფართოების შესახებ 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.