პარტია „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის მმართველობისგან განსხვავებით ქვეყნის სტაბილურ განვითარებასა და სუვერენიტეტის გაძლიერებას ირჩევს. სტატიას ამ შინაარსით ესპანეთის მმართველობის კოორდინაციისა და გამოყენებითი ეკონომიკის ინსტიტუტი ავრცელებს.
„ქართული ოცნება“ ირჩევს პოლიტიკას, რომელიც ორიენტირებულია სუვერენიტეტსა და სტაბილურობაზე. ის გარე დღის წესრიგს უარყოფს და საკუთარ მდგრად განვითარებას ირჩევს. ევროპული ინტეგრაციის მისეულმა მოდელმა, რომელიც ეროვნულ ავტონომიაზეა დამყარებული, საქართველო კავკასიაში სტაბილურობის საყრდენად აქცია“, – აღნიშნულია სტატიაში.
სტატიის ავტორები აღნიშნავენ, რომ ასეთი მიდგომის ფასის გაგება ევროკავშირისთვის პრინციპული მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ეს საშუალებას იძლევა ქვეყანა არ დაუბრუნდეს იმ პერიოდს, რომელიც კონფრონტაციასა და დამოკიდებულებას გულისხმობს, და რომელიც საფრთხეს უქმნის მშვიდობას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს რეგიონში.
მასალაში განხილულია სააკაშვილის მმართველობის პერიოდი და ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის სათავეში ვარდების რევოლუციის შედეგად მოვიდა, რომელიც აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსა და USAID-ის მიერ იყო მხარდაჭერილი.
სააკაშვილმა საკუთარი პრეზიდენტობის დროს ულტრალიბერალური დღის წესრიგი შემოიღო, რომელსაც მას რენდი შენემანი და ჯონ მაკკეინი სთავაზობდნენ. მისი ლიბერალური პოლიტიკა რადიკალურ დეინდუსტრიალიზაციას, მასიურ პრივატიზაციას და ეკონომიკის დოლარიზაციას გულისხმობდა, რამაც უთანასწორობა გაზარდა და ქვეყანა საგარეო დაფინანსებაზე ძლიერ დამოკიდებული გახადა.
ქვეყნის მართვის ასეთმა მოდელმა არათუ გააძლიერა საქართველო, არამედ დაასუსტა ის და რუსეთთან 2008 წლის კონფრონტაციის წინაშე დააყენა, რამაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაკარგვა და ადამიანებში მნიშვნელოვანი მსხვერპლი გამოიწვია.