ყველა დარღვევას სათანადო შეფასება აქვს მიცემული, ყველა საჩივარი განხილული იქნება და ამ განხილვებზე საერთაშორისო ზედამხედველობა იქნება, თუმცა ცესკო და სხვა სტრუქტურები საკმაოდ კომპეტენტურია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებაზე, რომელმაც თქვა: „საქართველოში არჩევნების შედეგებზე საბოლოო შეფასება ჯერ არ გვაქვს, გვსურს, ვიხილოთ გამოძიება, კონსულტაციებს გავდივართ ევროპელ პარტნიორებთან, რომელმა ორგანომ შეიძლება გამოიძიოს“.
„ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ და ყველანაირი გამოძიების ჩატარების დამოუკიდებელი რესურსი გაგვაჩნია. ყველა დარღვევას სათანადო შეფასება აქვს მიცემული, ყველა საჩივარი განხილული იქნება და ამ განხილვებზე საერთაშორისო ზედამხედველობა იქნება, თუმცა ცესკო და სხვა სტრუქტურები საკმაოდ კომპეტენტურია. არ არსებობს არავითარი წინაპირობა, რომ ცესკო-ს ან სასამართლოს ობიექტურობაში რაიმე ეჭვი შევიტანოთ. ვნახავთ შედეგებს, რომლის საფუძველზეც ყველა მიხვდება, რომ დარღვევის ის ჩამონათვალი, რომელიც დღეს კონკრეტულ სუბიექტებს აწუხებთ, გამოძიებული იქნება და ეს მაღალკვალიფიციურად შეფასდება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.