საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მარიამ ლაშხი საქართველოში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ვიზიტს ეხმაურება. მისი შეფასებით, ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყნის წარმომადგენლის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო მყარად დგას ევროპულ გზაზე.
„ძალიან მნიშვნელოვანია ორბანის ვიზიტი ქვეყანაში, არა მხოლოდ როგორც ევროპული ქვეყნის ლიდერის, არამედ როგორც ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყნის ლიდერის. ჩვენ ძალიან კარგ პერიოდში გვიწევს მასთან მეგობრობა. ის გამოწვდენილი ხელი, რაც უნგრეთის მხრიდან გვაქვს, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო არის ევროპის გზაზე და საქართველოს ჰყავს ჭეშმარიტი მეგობარი, რომელიც მიიყვანს ქვეყანას ამ კავშირში. ჩვენ ყველა რესურსს გამოვიყენებთ, იმისთვის რომ ვაჩვენოთ ჩვენი მიღწეული შედეგები, ჩვენი მისწრაფება ევროკავშირისკენ“, – აცხადებს ლაშხი.
დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. შედგება საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძე და ვიქტორ ორბანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.