არჩევნების შედეგები საქართველოში “პუტინის მარიონეტულმა მთავრობამ მოიპარა” – The Daily Telegraph

22
spot_img

ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) ეხმაურება საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს და თავის 28 ოქტომბრის ნომერში აქვეყნებს სტატიას სათაურით „არჩევნების შედეგები საქართველოში „პუტინის მარიონეტულმა მთავრობამ მოიპარა“ (ავტორები – ვიქტორ სუეიზი და ჩარლზ გორივენი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების დროს მომხდარ დარღვევებში და „ქართული ოცნების“ მიერ ამომრჩევლების მოსყიდვაში, ბიულეტენების გაყალბებაში და ძალადობაში ბრალი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მიუძღვის. ეს უკვე მეორე შემთხვევაა ამ კვირაში, როცა კრემლი, მოლდოვაში ჩატარებული არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების შემდეგ ანალოგიურად საქართველოშიც დაადანაშაულეს.

საერთაშორისო დამკვირვებლებმა შეშფოთება გამოხატეს იმის გამო, რომ საქართველოს არჩევნებში ბევრი დარღვევა იქნა დაფიქსირებული, რომელთა შედეგად, როგორც ჩანს, პრორუსულმა მმართველმა პარტიამ წარმატება მოიპოვა, თუმცა ორი საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგები საწინააღმდეგოს მიუთითებს.

„საქართველოში არსებული სურათი ნათელია – არჩევნების შედეგები ვლადიმერ პუტინის მიერ შექმნილმა თბილისის მარიონეტულმა მთავრობამ მოიპარა“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა, დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა კვირას, როცა არჩევნებში ჩარევის დამადასტურებელი პირველი ვიდეომტკიცებულებები გავრცელდა, – „მე მხარს ვუჭერ ქართველ ხალხს თავისუფლებისა და მომავლისათვის ბრძოლაში“.

ალისია კერნსმა, ჩრდილოვანი კაბინეტის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სოციალურ ქსელში ასეთ ჩანაწერი გამოაქვეყნა: „ქართველი ხალხი თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს იმსახურებს“.

მრავალი ფაქტი ადასტურებს იმას, თუ როგორი დარღვევებით ჩატარდა გასულ შაბათს საპარლამენტო არჩევნები საქართველოში. ერთ-ერთ ფართოდ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენელი რამდენიმე ბიულეტენს ყრის ურნაში. ეს ინციდენტი საქართველოს სამხრეთ რეგიონში, მარნეულში მოხდა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამ უბანზე შედეგები გააუქმა. მარნეულშივე დაფიქსირდა ძალადობა და ჩხუბი, რომლის დროსაც დაშავებული აზატ ქერიმოვი საავადმყოფოში გადაივანეს.

პროდასავლურმა ოპოზიციამ არჩევნების შედეგების აღიარებაზე უარი განაცხადა და მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის პროევროპული კურსის ხელის შეშლაში დაადანაშაულა. ამ არჩევნებს შეუძლია საქართველოს მომავალი ბედი გადაწყვიტოს – გახდება თუ არა ქვეყანა ევროკავშირის წევრი.

იულიან ბულაი, რომელიც ევროპის საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებელთა დელეგაციას მეტაურობს, ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ მოქმედება ისეთ შეგრძნებას ტოვებს, რომ ყველაფერს „დიდი ძმა აკონტროლებს“.

„დეილი ტელეგრაფის“ ჟურნალისტმა ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე თბილისში (ვაკეში), ვიდეოკამერა შეამჩნია, თუმცა მან ვერ გაარკვია, იყო თუ არა ამომრჩევლების თვალის დევნების შესაძლებლობა. გარდა ამისა, ერთ-ერთმა ოპოზიციურმა ტელეარხმა „ფორმულამ“ აჩვენა კადრები საარჩევნო უბნის თანამშრომლების შესახებ, რომლებსაც ხელში ფურცლები უჭირავთ ამომრჩეველთა გვარებით, რომლებსაც ფული გადაუხადეს.

როგორც დენ ტვინინგმა – საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (აშშ-ის არაკომერციული ორგანიზაციის) წარმომადგენელმა აღნიშნა პრესისათვის გამართულ ბრიფინგზე, „არჩევნები დარღვევებით ჩატარდა. იმსახურებს თუ არა ასეთი არჩევნების შედეგები ნდობას, ეს საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ“.

ევროპელი დამკვირვებლების მისიის განცხადებით, არცევნების შედეგები აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ დემოკრატიის პრინციპებიდან უკან იხევს“ და რომ მმართველი პარტია ქვეყნის ევროკავშირისაკენ ინრეგრირების პროცესს ამუხრუჭებს.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მხარი დაუჭირა ევროპული დელეგაციის დასკვნებს და „იქს-ქსელში“ დაწერა, რომ „არჩევნების შედეგები მნიშვნელოვან გავლენას საქართველოს სამომავლო პროგრესზე და მის ევროპულ გზაზე“.

იმ დროს, როცა „ქართული ოცნება“ ბოლო დროს სამოქალაქო საზოგადოებას უხეშად უსწორდება და აცხადებს, რომ არასასურველ ოპოზიციურ პარტიებს აკრძალავს, დამკვირვებლები აცხადებენ, რომ ხმის მიცემის შედეგების დიდი ნაწილი ხელოვნურად არის ჩაწყობილ-მანიპულირებული. ერთ-ერთი საჯაროს სკოლის ექს-დირექტორის განცხადებით, მასზე ზეწოლას ახდენდნენ [მმართველი] პარტიის წარმომადგენლები, რომ მას ხმა მიეცა მათ სასარგებლოდ. იგი თანამდებობიდან იმისთვის გაათავისუფლეს, რომ უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრა და ომის დაწყება გააკრიტიკა.

ევროპული მისიის განცხადებით, 16 მუნიციპალიტეტში გამოვლინდა იმის დამადასტურებელი ფაქტები, თუ როგორ ახდენს ზეწოლას „ქართული ოცნება“ სახელმწიფო მოსამსახურეებზე და სოციალური დახმარების მიმღებ მოქალაქეებზე.

წყარო