„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ განცხადებას ავრცელებს

17
spot_img

„2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ქართველი ხალხის გამარჯვებით, და რადიკალური ოპოზიციის, ომის მომხრე მათი პატრონების, გარყვნილების, ლგბტ-პროპაგანდის ლობისტების და ჩვენი ქვეყნის განადგურების მოსურნე ძალების სასტიკი მარცხით დასრულდა. იმდენად მკაფიო პასუხი გასცა ქართველმა ხალხმა ბოლო 3 წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის მიმართ განხორციელებულ უსამართლო შემოტევებს და შანტაჟს, რომ ერთი არგუმენტიც კი არ არსებობს არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით.

თუმცა, არავის ჰქონდა მოლოდინი, რომ რადიკალური ოპოზიცია და მათი მფარველები არჩევნების შედეგებს აღიარებდნენ. ასეც მოხდა − საქართველოში აგენტურის ლიდერად ქცეულმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ მთელი კოჰორტა შემოიკრიბა გარშემო და რევოლუციური სცენარი დაგვიანონსა. ეს ის სალომე ზურაბიშვილია, რომელიც რამდენიმე დღის წინ საზოგადოებას უმტკიცებდა, ხმის მიცემის ელექტრონული პროცედურა იმდენად უსაფრთხოა, რომ არჩევნების გაყალბების იოტისოდენა შანსიც კი არ არსებობსო. თუმცა მთავარი აქ არც ზურაბიშვილი და არც მის გარშემო შემოკრებილი აგენტურაა, მთავარ როლში აქაც მათი პატრონები გვევლინებიან.

ცალსახაა, მათ კარგად იციან, რომ ვერსად გაექცევიან ჩატარებული არჩევნების შედეგების აღიარებას, რადგან არ არსებობს არცერთი ფაქტი, რომელიც რაიმე სახის მანიპულაციაზე მიანიშნებს. ახლა ისინი ცდილობენ, მაქსიმალურად გაწელონ აღიარების პროცესი და რაიმე მაინც გამოივაჭრონ საქართველოს ხელისუფლებისგან. ამის ნათელი დადასტურებაა რამდენიმე საათის წინ, ამერიკის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის ორი განცხადება და გვსურს საზოგადოების ყურადღება სწორედ ამ პერსონაზე შევაჩეროთ.

პირველი წერილი სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა, რომელიც ასე იწყება: „საქართველოში მძლავრი დემოკრატია 2004 წლიდან იყო და არის ქვეყნის სიძლიერის წყარო…“ სახელმწიფო მდივანი კვლავ იმ შეფასების ერთგული რჩება, რომლის მიხედვით ნაცმოძრაობის სისხლიანი რეჟიმი „დემოკრატიის შუქურად“ მიიჩნეოდა. ცხადია თავშივე იკარგება ნდობა იმ განცხადების მიმართ, რომელიც უკიდურესად ანტიდემოკრატიული და არაჰუმანური რეჟიმის მმართველობის წლებს პოზიტიურად აფასებს, ხოლო 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით არაერთ უსამართლო და არაობიექტურ კრიტიკას გამოხატავს.

აღნიშნული განცხადების შემდეგ, სახელმწიფო მდივანი კიდევ უფრო აკონკრეტებს საკუთარ სათქმელს და სოციალურ ქსელში წერს: „საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა პატივი უნდა სცენ კანონის უზენაესობას, ასევე გააუქმონ კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის ფუნდამენტურ თავისუფლებებს“. აი, აქ კი პირდაპირ გამჟღავნდა მოქმედი ადმინისტრაციის სურვილი − მათ არჩევნების შედეგებზე სათქმელი არაფერი აქვთ, კარგად იციან, რომ ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ ვერ დააყენებენ ფაქტების არარსებობის გამო, მაგრამ საკუთარ მოთხოვნებს მაინც გვიყენებენ − საქართველოს ხელისუფლებამ გააუქმოს „ლგბტ პროპაგანდის“ აკრძალვის კანონმდებლობა.

პრინციპში, არჩევნების სრულიად გამჭვირვალე შედეგებზე ამ კანონის მიბმა და ამ თემით შანტაჟი მოულოდნელი სულაც არ არის ჩვენი საზოგადოებისათვის. შეგახსენებთ, რომ ეს ის ბლინკენია, რომელმაც გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვით ადმინისტრაციაში ადამიანებმა ერთმანეთი არ უნდა მოიხსენიონ როგორც ქალი და კაცი, რადგან თურმე ეს არღვევს „თანასწორობის პრინციპებს“. ეს ის ბლინკენია, რომელიც ღიად ჩაუდგა ლგბტ-პროპაგანდას სათავეში და მის მიერ გამოცემული შიდასამსახურებრივი ბრძანებით არათუ წაახალისა პროპაგანდა, არამედ პირდაპირ მიანიშნა აშშ-ის „პარტნიორ“ ქვეყნებს, რომ მათაც ანალოგიური ნაბიჯები უნდა გადადგან.

ისიც ფაქტია, რომ ეს პროცესი, ბლინკენის პირველი განცხადება და შემდეგ სოციალურ ქსელში დაკონკრეტება კანონის გაუქმებაზე, საქართველოში აშშ-ის საელჩოდან არის კოორდინირებული. რთული წარმოსადგენია, რის იმედი აქვთ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გაშმაგებით მებრძოლ ჯგუფებს, როდესაც ხედავენ, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ერთხმად შეთანხმდა ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვის თაობაზე. რადგან ვხედავთ, რომ მათ ძალიან არასწორი წარმოდგენა აქვთ ქართველ ხალხზე, გვსურს კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვუთხრათ − ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ ქალს არ უნდა დავუძახოთ ქალი, ხოლო კაცს კაცი, დედა დედა არ არის და მამა არ არის მამა, ის ვერანაირი ავტორიტეტით ვერ ისარგებლებს ჩვენს საზოგადოებაში. იმ ადამიანის სიტყვას, რომელიც ლგბტ-პროპაგანდას უდგას ავანგარდში, თანამდებობის მიუხედავად, საქართველოში ჩალის ფასიც ვერ ექნება.

ჩვენს ქვეყანას სავაჭრო არავისთან არაფერი აქვს. ჩვენმა ხალხმა არჩევნებზე მკაფიო პასუხი გასცა ყველას, ვინც საქართველოში ლგბტ-პროპაგანდის დაკანონებას ითხოვდა. ამიტომ, ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ არჩევნების აღიარების საკითხი ვერ გახდება ქართველ ხალხთან სავაჭრო თემა. ეს საკითხი დახურულია.

რაც შეეხება არჩევნების მიმდინარეობისას დაფიქსირებულ დარღვევებს თუ ხარვეზებს, საქართველოს კანონმდებლობაში არსებობს მათი განხილვის მექანიზმები და რა თქმა უნდა, საჩივრებში ასახული ასეთი პრეტენზიები განხილული და შეფასებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რისთვისაც არ არის აუცილებელი გარედან მითითებები ან ბრძანებები.

ფაქტი ერთია − გამჭვირვალე, სამართლიან და თავისუფალ არჩევნებში ძალიან ნათლად გამოიხატა ქართველი ხალხის უმრავლესობის გადაწყვეტილება. მოვუწოდებთ ყველას, არ წავიდნენ უმრავლესობის ნების წინააღმდეგ და არჩევნების შედეგები აღიარონ ყოველგვარი ვაჭრობისა და წინაპირობების გარეშე”, – ნათქვამია განცხადებაში.