ISFED-ი პარალელური დათვლის ანგარიშს მალავს, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე. პარლამენტის თავმჯდომარემ ორგანიზაციას შედეგების სრულად გასაჯაროება მოსთხოვა.
„განმეორდა 2020 წლის სცენარი. მაშინაც დააგვიანეს პარალელური დათვლის შედეგების გამოქვეყნება. მათი მეთოდოლოგიით ეუთო/ოდირის ანგარიშამდე ქვეყნდება მათი ანგარიში, 12:00 საათზე და მაშინაც გადააცილეს, იმიტომ, რომ აყალბებდნენ პარალელურ შედეგებს და ვერ გადაეწყვიტათ რა ციფრები დაესვათ ზუსტად. წელსაც იგივე განმეორდა. ISFED-ი ზუსტად იგივე სკანდალში გაეხვია, როგორც 2020 წლის გაყალბების სკანდალი იყო. ისინი არ აქვეყნებდნენ შედეგებს. მას შემდეგ, რაც სხვადასხვა სუბიექტმა მოიკითხა რა ხდება პარალელურ დათვლასთან დაკავშირებით, საბოლოოდ გუშინ, გვიან ღამით გაავრცელეს განცხადება. რა თქმა უნდა, ამას ვერ გაექცეოდნენ და თქვეს, რომ მათი დათვლის შედეგები ცესკოს დათვლის შედეგებს ემთხვევა, თუმცა დანარჩენი დეტალები დამალეს და არ უნდათ, რომ საზოგადოებას აცნობონ. ამიტომ მოვითხოვთ, რომ ISFED-მა სრულად გაასაჯაროოს პარალელური დათვლის შედეგები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.