ჩვენ ვამბობდით, რომ ოპოზიციას არ ეყოფოდა ღირსება იმისათვის, რომ შეჰგუებოდა მორიგ მარცხს – თქვენ ხედავთ, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ისინი ვერც ერთხელ ვერ ახერხებენ არჩევნების შედეგების აღიარებას, მარცხის ღირსეულად მიღებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის მტკიცებით, განსხვავებით ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისგან, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები თავის ამომრჩეველს არასოდეს ატყუებენ.
„რაც შეეხება ოპოზიციას, მცირე მონაცემები მინდა გაგაცნოთ, წინა არჩევნებზე, რადიკალურმა ოპოზიციამ 845 000 -ზე მეტი ხმა მიიღო, ახლა მხოლოდ 770 000 ხმა მიიღო. გარდა იმასა, რომ ჩვენი რეიტინგი და მხარდაჭერა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ქართულ საზოგადოებაში მხარდაჭერა რადიკალური ოპოზიციის მიმართ შემცირდა. ქართველი ხალხი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს. კერძოდ, ქართველი ხალხი ხედავს საით ექაჩებოდა ამ 4 წლის განმავლობაში რადიკალური ოპოზიცია ჩვენს ქვეყანას, შედეგიც არის სახეზე. ჩვენ ვამბობდით, რომ ოპოზიციას არ ეყოფოდა ღირსება იმისათვის, რომ შეჰგუებოდა მორიგ მარცხს. თქვენ ხედავთ, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ისინი ვერც ერთხელ ვერ ახერხებენ არჩევნების შედეგების აღიარებას, მარცხის ღირსეულად მიღებას. მათ მეცხრედ განიცადეს უკვე მარცხი. ისინი კიდევ ატყუებდნენ საკუთარ ამომრჩეველს, რომ ამ არჩევნებს იგებდნენ, თუმცა ახალი კიდევ ერთხელ არ გაუჭირდებათ თვალებში საკუთარ ამომრჩეველს ჩახედონ და აღიარონ, რომ ატყუებდნენ მათ წინასაარჩევნო პერიოდში. ჩვენ არასდროს ამომრჩეველს არ ვატყუებთ, ჩვენ ვამბობდით, თუ როგორი დამაჯერებელი იქნებოდა, ჩვენი გამარჯვება და შედეგიც სახეზეა.
მიუღებელია ნებისმიერი მცდელობა დაუპირისპირდე კონსტიტუციურ წყობილებას. კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ამ შემთხვევაშიც, მთელი რიგი „ენჯეოები“ პოლიტიკურ, რადიკალურ პარტიებთან ერთად დაუპირისპირდნენ კიდევ ერთხელ 4 წელიწადში უკვე მესამედ ამ ქვეყნის კონსტიტუციურ წესწყობილებას. თუმცა რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად, უსუსური მცდელობა. ეს არის იმედდაკარგული პოლიტიკოსები, სასოწარკვეთილი მცდელობა, რომ რაღაცნაირად თავი იმართლონ საკუთარ ამომრჩეველთან“, – განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ „არჩევნების დღემ თვისებრივად მშვიდ ვითარებაში ჩაიარა“.