ორგანიზაცია „სირცხვიალია“ რამდენიმე წევრმა დატოვა.
ორგანიზაციის წევრებმა „ქრონიკასთან“ განცხადება გააკეთეს და „სირცხვიალიადან“ წასვლის მიზეზებზე ისაუბრეს. მათ განაცხადეს, რომ მიიღეს მითითებები, საარჩევნო პროცესისთვის ხელი შეეშალათ.
„მათ სრულიად კარგად ჰქონდათ ის გეგმა დალაგებული, როგორ ჩაეშალათ არჩევნები. გვეუბნებოდნენ, რომ ხალხი, რომელიც ოპოზიციას დაუჭერდა მხარს, ჩვენ მათთვის ანალოგიურად მხარი უნდა დაგვეჭირა. თუმცა, ხალხი, რომელიც მათ მხარს არ დაუჭერდა, მათზე უამრავი საჩივარი უნდა დაგვეწერა და ასე უნდა გაგრძელებულიყო მთელი დღე. დაგვირეკავდნენ და ანალოგიურად უნდა გაგრძელებულიყო მთელი დღე, ანალოგიურ რაღაცებს გვეტყოდნენ, რაც ჩვენ აუცილებლად უნდა შეგვესრულებინა.
თუ მოვიდოდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც დარწმუნებული არ იყვნენ თავიანთ გადაწყვეტილებაში, ვისთვის მიეცათ ხმა, უნდა გვერჩია, რომ მხარი ოპოზიციისთვის დაეჭირათ. მათი სურვილი იყო, არჩევნებს მშვიდად არ ჩაევლო და ეს დღე სრულიად არეულიყო“, – განაცხადა მარიამ მჭედლიძემ.
თავის მხრივ ორგანიზაციის მხრიდან იმავე მოთხოვნებზე საუბრობს გიორგი პაქსაშვილიც.
„მინდოდა ობიექტურად, ხალხის ხმები დამეცვა, მაგრამ სულ სხვა რეალობა დამხვდა. როდესაც მივედი არჩევნებზე, მითითებას მაძლევდნენ, რომ რაც შეიძლება მეტი საჩივარი დაგვეწერა. მაქსიმალურად ხელი შეგვეშალა არჩევნების პროცესში. ბეიჯი მოვიხსენი, წამოვედი. არ მინდოდა, მათი მანიპულაციისთვის ხელი შემეწყო და დავტოვე საარჩევნო უბანი“, – აღნიშნა გიორგი პაქსაშვილმა.