დაახლოებით ორ-სამ საათში ვნახავთ, ოპოზიციის შედეგები იქნება ძალიან მძიმე და, რა თქმა უნდა, მათ არ ეყოფათ ღირსება, რომ აღიარონ არჩევნების შედეგები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ქართულ ოცნებასა“ და ერთიან კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ შორის სხვაობა იქნება უკიდურესად დიდი და მასშტაბური.
„არცერთ პარტიას არ აქვს ღირსება, არცერთი პარტიის ლიდერს არ აქვს ღირსება. შესაბამისად, მათ ძალიან გაუჭირდებათ, შეეგუონ არჩევნებში მარცხს, თან ამხელა მარცხს. ძალიან მასშტაბურ მარცხზე მაქვს საუბარი, შეგნებულად არ ვასახელებ ციფრებს, სხვაობა იქნება უკიდურესად დიდი და მასშტაბური „ქართულ ოცნებასა“ და ერთიან კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ შორის. მათ გაუჭირდებათ, შეეგუონ ამ მარცხს. საკუთარი ღირსების დეფიციტი არ მისცემს მათ ამის საშუალებას, თუმცა მათი გადასაწყვეტი არ არის, რეალურად როგორ გაგრძელდება პროცესები. არც არჩევნების მოგების რესურსი არ აქვთ და შესაბამისად, არ აქვთ არც ქუჩის რესურსი. არჩევნების მოგებასაც და ქუჩასაც სჭირდება ერთი და იგივე რესურსი – ეს არის ხალხის მხარდაჭერა. დღეს ქართველი ხალხი სწორედ იმიტომ გამოვიდა ასე მობილიზებული საარჩევნო უბნებზე, რომ მათთვის კატეგორიულად მიუღებელია ის ამორალური სახეები და ძალები, რომლებიც დღეს წარმოადგენენ რადიკალურ ოპოზიციას. შესაბამისად, მათ არ აქვთ არც არჩევნების მოგების რესურსი, არც ქუჩის რესურსი“, – განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება კითხვას, „ოპოზიცია აღნიშნავს უცხოეთის უბნებზე გამარჯვებას, რამდენად დამაჯერებელია მათი ეს განცხადებები?“, – ირაკლი კობახიძის განმარტებით, საზღვარგარეთის უბნებზე საერთო სურათი ასეთია ხოლმე, თუმცა ოპოზიციას საზეიმო არაფერი აქვს, რადგან, ამომრჩევლების მცირე რაოდენობიდან გამომდინარე, ეს უბნები არავითარი განზოგადების საშუალებას არ იძლევა.
„ოთხი უბანია სულ აღმოსავლეთის მხარეს, ავსტრალია, იაპონია და ასე შემდეგ. სულ ასეთი ოთხი უბანია, სადაც თითოეულში 40-50 ამომრჩეველი მონაწილეობს. იცით, რომ საერთო სურათი საზღვარგარეთის უბნებზე არის ხოლმე ასეთი. საზეიმო არაფერი აქვს ოპოზიციას, წინა შემთხვევაშიც მთლიანობაში „ქართულმა ოცნებამ“ საზღვარგარეთ აიღო 30 პროცენტი, თუმცა გახსოვთ, რომ დამაჯერებლად გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“. რეალობაა, მაგრამ საზეიმო არაფერი აქვთ, სადღაც რომ მოიგებ 20 ხმით, ამაზე რომ ზეიმს იწყებ, სასაცილო მდგომარეობაში იყენებ საკუთარ თავს. არის რამდენიმე უბანი, ჯამში 200-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, ორ საათში ვილაპარაკებთ, რამდენ უბანზეც წააგებთ საქართველოში. არ არის რელევანტური, სადაც ჯამში 200 ამომრჩეველი მონაწილეობდა, 200-იც არ იყო, ჯამში ასი ამომრჩეველი მონაწილეობდა. შესაბამისად, არავითარი განზოგადების საშუალებას არ იძლევა ეს უბნები. 3 000-ზე მეტ უბანს წააგებთ მთლიანობაში, ამას ნახავთ ორ საათში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.