ხმა მივეცი ჩემს და ჩვენს სამშობლოს, ხმა მივეცი ღირსებას, გავაფერადე წრე 41-ის წინ, ძალიან სასიამოვნოა, როცა ასე ამბობენ ახალგაზრდები.- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანამ დღეს არსებული დინამიკით თუ გააგრძელა განვითარება, მომდევნო წლებში საქართველოს მოქალაქის ცხოვრება საშუალო სტატისტიკური ევროპელის ცხოვრების დონესაც კი გაუთანაბრდება.
„შევუერთდები ძალიან სასიამოვნო ჩელენჯს, რომელიც ახალგაზრდებს წამოუწყიათ. სანამ აქ წამოვიდოდი „ტიკ-ტოკში“ და „ფეისბუქში“ შემხვდა: მე ხმა მივეცი ჩემს და ჩვენს სამშობლოს, მე ხმა მივეცი ღირსებას, გავაფერადე წრე 41-ის წინ. ძალიან სასიამოვნოა, როცა ასე ამბობენ ახალგაზრდები. ჩვენი სლოგანიდან: მშვიდობა ღირსება კეთილდღეობა და მხოლოდ ამ გზით ევროპისკენ, ღირსებით ევროპისკენ, აღმოჩნდა მთავარი სლოგანი. უკიდურესად მნიშვნელოვანია მშვიდობა და ასევე უკიდურესად მნიშვნელოვანია კეთილდღეობა, რომელიც ჩვენ აუცილებლად გვეხება. მხოლოდ ჩვენ, „ქართული ოცნება“ თუ ქართველი ხალხი კი არა, ამას ლაპარაკობს სავალუტო ფონდი, ამას ლაპარაკობს მსოფლიო ბანკი. მომდევნო წლებში ამ დინამიკით თუ გავაგრძელებთ განვითარებას, საქართველოს მოქალაქე, როგორც ამ ყველა პროგნოზიდან გამომდინარეობს, საშუალო სტატისტიკური ევროპელის ცხოვრების დონესაც კი გაუთანაბრდება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, საქართველო დღეს ირჩევს განვითარებას და მშვიდობას, თუმცა ამის თქმა რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენელიც იყო.
„თუმცა პარადოქსული სიტუაციაა მეორე ფლანგზე, გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი საქართველოში ხმას აძლევს იმ ხალხს, იმ აგენტურულ ოპოზიციას, რომლებმაც ისინი გაწირეს ფიზიკური და სულიერი განადგურებისათვის. ასეთი ხალხი რჩება სამწუხაროდ, მაგრამ მესმის მათიც ძალიან კარგად. ფსიქოლოგიური ტერორის, ზეწოლის, ინფორმაციული შტურმის ფონზე ძალიან რთულია იყო სუპერობიექტური. ჩვენ შეიძლება 60-70% ადამიანები გვყავს ამ ქვეყანაში, რომლებმაც კარგად აღიქვეს რეალობა და შესაბამისი შედეგებიც დაიდება, მაგრამ აბსოლუტურად ყველას შეიძლება არ უნდა მოვთხოვოთ, რომ ბოლომდე იყვნენ გათვითცნობიერებული ყველაფერში. საბოლოო ჯამში ქართველი ხალხი, მისი უმრავლესობა ყველაფერს კარგად ხვდება, სად არის სინათლე, სად არის ხვალინდელი პოზიტიური მომავალი და სად არის ჭეშმარიტი, რეალურ ქრისტიანულ ტრადიციულ ღირებულებებზე დაყრდნობილი ევროპული მომავალი. ძალიან კარგად ხვდებიან და აფერადებენ 41-ს და ამიტომ არის დიდი აქტივობა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.