ძვირფასო პოლიციელებო, გთხოვთ და მოგიწოდებთ ემსახურეთ სახელმწიფოს და საქართველოს მოქალაქეს და არა პარტიას და პარტიულ ბოსებს – იმედი მაქვს, შეასრულებთ იმ დიდ მისიას, მივცეთ შესაძლებლობა მოქალაქეებს მშვიდ, დამოუკიდებელ და თავისუფალ გარემოში გააკეთონ საკუთარი არჩევანი – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, მთავარია, პოლიციელებმა არ მიიღონ პოლიტიკური დავალებები.
„უნდა მივმართო შსს თანამშრომლებს. ჩემო ძვირფასო პოლიციელებო, თქვენ ძალიან ბევრჯერ და ძალიან მნიშვნელოვანი სამსახური გაუწიეთ ჩვენს ქვეყანას თქვენი ჯანმრთელობის და სიცოცხლის ფასად. ყოველთვის იდექით სწორ მხარეს, მაშინ, როცა სახელმწიფოს ყველაზე უფრო სჭირდებოდა. დღეს მაშინ, როცა არჩევნებამდე არის სულ რამდენიმე დღე დარჩენილი, თქვენი როლი იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქემ გააკეთოს თავისი დამოუკიდებელი არჩევანი, მშვიდ და თავისუფალ გარემოში არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა მნიშვნელობის არჩევნები იქნება სულ რამდენიმე დღეში. მე არასდროს არ ვიკადრებ თქვენ მოგიწოდოთ ხმა მისცეთ ერთ, მეორე ან მესამე მხარეს. მე უბრალოდ გთხოვთ და მოგიწოდებთ ემსახურეთ სახელმწიფოს და საქართველოს მოქალაქეს და არა პარტიას და პარტიულ ბოსებს. ეს ადამიანები თავისი მოპარული ფულით მალე გაიქცევიან ქვეყნიდან და ჩვენ ერთად პირისპირ დავრჩებით. მოგვიწევს, ზუსტად ისე როგორც გაგვიკეთებია ადრე, დავიცვათ ჩვენი სახელმწიფო, მოქალაქეების ღირსება, ჯანმრთელობა და მშვიდი ძილის უფლება. დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენ შეასრულებთ იმ დიდ მისიას – მივცეთ შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებს მშვიდ, დამოუკიდებელ და თავისუფალ გარემოში გააკეთონ საკუთარი არჩევანი. ის არჩევანი, რომელიც არის სამართლიანი, ევროპული, ეროვნული და განვითარებული სახელმწიფო“,- განაცხადა გახარიამ.
ამასთან, როგორც მან განმარტა შსს-ის ფუნქცია ქვეყანაში არჩევნების ჩატარებაში არის მნიშვნელოვანი.
„მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში არის 3 ათასი საარჩევნო უბანი. ეს არის 3 ათასი პოტენციურად დაძაბულობის წერტილი და ლოკაცია, რომელსაც სჭირდება მართვა. ეს ძალიან რთული პროცესია. შსს-ის თანამშრომლები და პოლიციელები უკვე ემზადებიან ამ ღონისძიების ჩასატარებლად. მთავარია, ამ ადამიანებმა არ მიიღონ პოლიტიკური დავალებები. ეს არის მთავარი. ძალიან კარგად ვიცი პოლიციელების ნება და სურვილი ემსახურონ სახელმწიფოს და საქართველოს მოქალაქეს და არა შეასრულონ პარტიული ბოსების დავალებები“,- განაცხადა გახარიამ.