თქვენი დრო დამთავრდა! – გიორგი ვაშაძე ბიძინა ივანიშვილს

9
spot_img

ბიძინა ივანიშვილი დასრულებულია, ვადა გაუვიდა, – ასე შეაფასა „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუ.

მისი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებში მარცხდება.

„ბატონო ბიძინა, თქვენი დრო დამთავრდა, შეეშვით ამ ქვეყანას, დაანებეთ თავი. თქვენ ხომ კარგად იცით, რომ ეს არჩევნები წაგებული გაქვთ. თქვენი მთელი საუბარი ამის მტკიცებულებაა. თქვენ ამ არჩევნებში მარცხდებით და რაც უფრო ადრე შეეგუებით ამ მარცხს, მით უკეთესი იქნება“, – განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, ვაშაძის თქმით, ერთადერთი, რაზეც ბიძინა ივანიშვილი ნერვიულობს, არის ის, რომ დიდძალ ქონებას კარგავს და უნდა, რომ ამ საკითხით ივაჭროს.

„რაც შეეხება 14 მილიარდს, ბატონო ბიძინა, თქვენ ისიც ძალიან კარგად იცით, რომ 14 მილიარდის მიღებას, რომელიც საქართველოსთვის არის გამზადებული, თქვენ აფერხებთ. ამიტომ განიცდით თქვენ და თქვენი თანაგუნდელები ამაზე საუბარს. ამიტომ, თქვენი დრო დამთავრდა. 26 ოქტომბერს ჩვენ თქვენს ხელისუფლებას მოვაშორებთ, სწრაფად წავალთ ევროკავშირისკენ, მოვიზიდავთ 14 მილიარდს და ქვეყანა წინ წავა. ვადა გაგივიდათ უკვე, შეეშვით ამ ქვეყანას, ამ აბსურდებზე საუბარს“, – განაცხადა ვაშაძემ.