მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმი მიმდინარეობს

8
spot_img

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით რეფერენდუმი მიმდინარეობს.

მედიის ინფორმაციით, დაახლოებით 2 000 საარჩევნო უბანი ადგილობრივი დროით 7:00 საათზე გაიხსნა.

ამომრჩევლები, გარდა იმისა, რომ ქვეყნის პრეზიდენტს ირჩევენ, პასუხობენ რეფერენდუმის შეკითხვას, მხარს უჭერენ თუ არა კონსტიტიციურ ცვლილებას მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით.

კანდიდატი, რომელიც მიიღებს ხმათა აბსოლუტურ უმრავლესობას, ქვეყნის ახალი პრეზიდენტი გახდება.

იმ შემთხვევაში კი, თუ ასეთ მხარდაჭერას ვერავინ მიიღებს, მაშინ ორ კვირაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

მოლდოვას პრეზიდენტობისთვის 11 კანდიდატი იბრძვის, მათ შორის ამჟამინდელი პრეზიდენტი, პროევროპელი მაია სანდუ, რომელიც მეორე ვადისთვის იბრძვის და მისი მთავარი ოპონენტი, რომელსაც მხარს უჭერს ყველაზე დიდი პრორუსული ოპოზიციური სოციალისტების პარტია, მოლდოვის ყოფილი გენერალური პროკურორი ალექსანდრე სტოიანოგლო.

ოქტომბრის დასაწყისში, დამოუკიდებელ სოციოლოგიური კვლევის პორტალ Votum.md-ზე ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ არჩევნებში ლიდერობენ მაია სანდუ, ხმების 45 პროცენტით და ალექსანდრუ სტოიანოგლო, ხმების 25 პროცენტით.

მესამე ადგილს კი „ჩვენი პარტიის“ ლიდერი, რენატო უსათი იკავებს, რომელსაც მხარი დაუჭირა გამოკითხულთა 9%-მა. საერთო ჯამში, კვლევაში, რომელიც 4 დღის განმავლობაში ტარდებოდა, თითქმის ათი ათასი ადამიანი მონაწილეობდა, მაგრამ ის სასწრაფოდ შეწყდა ბოტების მიერ ოპოზიციის ერთ-ერთი კანდიდატისთვის ხმების გაზრდის მცდელობის გამო.