„ფარმსახლი“ და „მადაგონი“ თამარ კორძაიას სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებენ

16
spot_img

სააფთიაქო ქსელი “ფარმსახლი” და სუპერმარკეტი “მადაგონი” პასუხობენ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, თამარ კორძაიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას “ქართული ოცნების” მიერ ამომრჩევლის მოსყიდვაში მათი მონაწილეობის შესახებ და ბრალდებებს სიცრუეს უწოდებენ. როგორც “ფარმსახლი”, ისე “მადაგონი”, კორძაიას ბრალდებებს, თითქოს რუსთავში 50-ლარიან ვაუჩერებს ურიგებენ ადამიანებს, ვინც “ქართული ოცნების” მხარდამჭერია, უარყოფენ და აცხადებენ, რომ ამ ინფორმაციას სინამდვილესთან არანაირი კავშირი არ აქვს.

“დღეს, საქართველოში მოქმედი რამდენიმე მედიასაშუალების მიერ, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის გაჟღერებული ბრალდება გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, “ფარმსახლი“ კონკრეტული პოლიტიკური ძალის ინტერესების შესაბამისად, მოახლოებული არჩევნების წინ, სასაჩუქრე ვაუჩერების საშუალებით, კანონსაწინააღმდეგოდ, ამომრჩევლის მოსყიდვასა და მობილიზაციას ახორციელებს, რასაც სინამდვილესთან არანაირი კავშირი არ აქვს! დაარსების დღიდან, “ფარმსახლი” წარმოადგენს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას და რეგულარულად ახორციელებს სხვადასხვა საინფორმაციო და საქველმოქმედო ინიციატივებს. ჩვენი ორგანიზაციის ფუნდამენტური მისიაა საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე ზრუნვა.

20 წელზე მეტია კომპანიამ დანერგა საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე ადაპტირებული ვაუჩერული სისტემა, რომელსაც აქტიურად იყენებს როგორც საქველმოქმედო მიზნებისთვის, ასევე საკუთარი კორპორაციული პროექტების ფარგლებში. ვაუჩერების შეძენისა და გამოყენების შესაძლებლობა თანაბრად ხელმისაწვდომია ფიზიკური პირებისთვის, კერძო სექტორისა თუ სახელმწიფო ორგანიზაციებისთვის. “ფარმსახლი” მკაცრად იცავს პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს და არ სურს რომელიმე პოლიტიკურ მხარესთან ასოცირება. კომპანია თავისი პრინციპებისა და ღირებულებების ერთგულია და წარმატებით ახორციელებს საქართველოს ფარმაცევტულ სფეროში ევროპული სტანდარტების დანერგვას, ხელს უწყობს ევროპული ხარისხის მედიკამენტებსა და სააფთიაქო პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.” – აღნიშნულია “ფარმსახლის” განცხადებაში.

ასევე, “მადაგონი” განმარტავს, რომ სასაჩუქრე ვაუჩერების მომხმარებლებისთვის გადაცემას, რაც აპრობირებული პრაქტიკაა, არც პოლიტიკასთან და არც საარჩევნო პროცესთან არანაირი კავშირი არ აქვს და არც არასდროს ჰქონია. განცხადებაში საუბარია იმაზეც, რომ “მადაგონის” დისკრედიტაციისკენ მიმართული ეს გამოგონილი ბრალდება ბინძური პროვოკაციაა. “დღეს, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის მიერ გავრცელდა ბრალდება, თითქოს, სუპერმარკეტების ქსელი „მადაგონი“ ჩართულია საარჩევნო პროცესში და კონკრეტული პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ, კანონდარღვევით, კომპანიის კუთვნილი ვაუჩერებით ამომრჩევლის მოსყიდვას ცდილობს, რაც სრული სიცრუეა! საერთაშორისოდ აპრობირებული პრაქტიკაა, რომ ამა თუ იმ ქსელურ სუპერმარკეტს, ისევე როგორც „მადაგონს“, კონკრეტული კომპანიები თუ ფიზიკური პირები, სხვადასხვა, მათ შორის, საკუთარი თანამშრომლების ან მომხმარებლების წახალისებისა და კონკრეტული სოციალური აქტივობების განხორციელების მიზნით, გარკვეული რაოდენობის სასაჩუქრე ვაუჩერებს უკვეთავენ.

ამავდროულად, ჩვენს მომხმარებელთან უკუკავშირის პროცესში, გარკვეული პერიოდულობით, მათ კონკრეტული რაოდენობისა და ღირებულების სასაჩუქრე ვაუჩერებს გადავცემთ, თუმცა, აღნიშნულ შემთხვევებს არც პოლიტიკასთან და არც საარჩევნო პროცესთან არანაირი კავშირი არ აქვს და არც არასდროს ჰქონია! სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჩვენი დისკრედიტაციისკენ მიმართული ეს გამოგონილი ბრალდება ბინძური პროვოკაციაა და მხოლოდ კონკრეტული პოლიტიკური ძალების მიზნებს – წინასაარჩევნოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და არეულობის ინსპირაციას ისახავს მიზნად!” – ვკითხულობთ სუპერმარკეტ “მადაგონის” განცხადებაში.