ევროპული საბჭოს განცხადება ცხადყოფს, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს, რომ ქართველი ხალხის ოცნება, მიზანი მიღწეული იქნას, – ასე აფასებს კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე საქართველოს შესახებ ევროპული საბჭოს დასკვნას.
როგორც ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, ქართველმა ხალხმა არაერთხელ მტკიცედ განაცხადა, რომ მის აბსოლუტურ უმრავლესობას სურს საქართველო იხილოს ევროპულ ოჯახში, ევროკავშირში და ქართველი ხალხი ამ იდეის ირგვლივ სრულ კონსოლიდაციას განაგრძობს.
შესაბამისად, მისივე თქმით, ეს არის ყველა ეროვნული ძალის ამოცანა და მიზანი, რომ ქართველი ხალხის გადაწყვეტილება განახორციელოს და ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი.
„რა თქმა უნდა, ის განცხადება, რომელიც ახლა გამოქვეყნდა ევროპული საბჭოს მიერ, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არის ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების საერთო განცხადება და ევროპული საბჭოს განცხადება ცხადყოფს, რომ “ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს, რომ ქართველი ხალხის ოცნება, მიზანი მიღწეული იქნას. ელჩ ჰერჩინსკის დღევანდელი განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ “ქართული ოცნება” არის სრულიად ანტიდასავლური ძალა, სადაც მისი ლიდერები ერთმანეთს ეჯიბრებიან ევროპელი ლიდერების ლანძღვაში, ევროკავშირის ღირებულებების ფეხქვეშ გათელვაში და მათი ერთადერთი ამოცანაა, რომ რუსეთის პოლიტიკური ინტერესების შესაბამისი განცხადებები გააკეთონ და შესაბამისი ნაბიჯები გადადგან. ცხადია, “ქართული ოცნების” მხრიდან მცდელობა, რომ კვლავ შეეცადოს ჩვენი თანამოქალაქეების მოტყუებას და გაცურებას, თითქოს მათ აქვთ რაიმე მცირედი მიზანი, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას, ეს არის სრული სიყალბე, სიცრუე და ამის მხილებას ემსახურება ევროპული საბჭოს განცხადება, ამის მხილებას ემსახურება ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის განცხადება. რა თქმა უნდა, იმ პირობებში, როდესაც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელს სულელს უწოდებენ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოიხსენიებენ, ასეთ პოლიტიკურ ძალას არანაირი შანსი არ აქვს რაიმე დიალოგი აწარმოოს ევროკავშირთან. ამავდროულად, “ქართული ოცნების” ერთადერთი ამოცანაა, ნებისმიერი გზით დარჩეს ხელისუფლებაში და აღასრულოს მისი მიზანი, რომ ქვეყანა სამუდამოდ დააშოროს ევროპულ ოჯახს და ის გახადოს რუსული იმპერიის შემადგენელ ნაწილად. ეს არის მკაფიოდ გაცხადებული მიზანი იმ ნაბიჯებიდან გამომდინარე, რომელსაც ახორციელებს “ქართული ოცნება”, იმ განცხადებებიდან, რომელსაც აკეთებს “ქართული ოცნება” და ჩვენი მეგობრების, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ამოცანაა, რომ ამხილოს “ქართული ოცნების”, ეს მზაკვრული გეგმა და კიდევ ერთხელ დაადასტუროს, რომ ევროკავშირის მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს ქართველი ხალხის მისწრაფებას ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისკენ, სრული მხარდაჭერა აქვს ქართველ ხალხს მათ ნაბიჯებში, რომ ქვეყანამ სწრაფად დაიბრუნოს ევროპული მომავალი. ახლა არის ცხადი, რომ ჩვენ 26 ოქტომბერს ერთხელ და სამუდამოდ უარი უნდა ვუთხრათ რუსული ინტერესების გამტარებელ ხელისუფლებას, რომელიც ყველა ძალ-ღონით ცდილობს ქვეყანა დააბრუნოს რუსულ იმპერიაში და დავბრუნდეთ ჩვენი ბუნებრივი განვითარების გზაზე“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
მისი თქმით, კოალიცია “ძლიერი საქართველო”, ნომერი 9 გამორჩეულია სწორედ იმით, რომ პასუხისმგებლობას იღებს, ქვეყანა ძალიან სწრაფად დააბრუნოს ევროკავშირის ინტეგრაციის გზაზე, სწრაფად დაიწყონ ყველა რეფორმის განხორციელება, რომელიც ამ გზაზე სწრაფი სვლისთვის არის აუცილებელი.
„ამიტომ მნიშვნელოვანია, ჩვენს თანამოქალაქეებს ესმოდეს, რაოდენ გადამწყვეტია თითოეული მათგანის ხმა იმისთვის, რომ ქვეყანამ არ დაკარგოს ეს უნიკალური შანსი და არ დაბრუნდეს რუსული იმპერიის კლანჭებში. ასევე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს 20 ოქტომბრის მშვიდობიან მარშს, როდესაც ჩვენ კიდევ ერთხელ გვეძლევა საშუალება ერთად დავდგეთ, ერთად გამოვხატოთ მხარდაჭერა ჩვენი თანამოქალაქეების მიზნის მიღწევის, ევროპულ ოჯახში გაწევრიანების გზაზე. ამიტომ ყველას გელით 20 ოქტომბერს მშვიდობიან გზაზე“, განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.