გულწრფელად შევდივარ „მგზავრების“ მდგომარეობაში. იმ წნეხში, ზეწოლასა და ბულინგში, სადაც ისინი იმყოფებიან, შეიძლება, ბევრი ჩვენი თანამოქალაქეც იყოს. 26 ოქტომბერს ყველას გავათავისუფლებთ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა 20 ოქტომბერს, ზღვისუბნის პარკის გახსნის ღონისძიებასთან დაკავშირებით, რომელზეც ჯგუფი „მგზავრების“ კონცერტი უნდა გამართულიყო, თუმცა, მათ უარი განაცხადეს.
კახა კალაძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება არის ძალიან ცუდი, რაც, პირველ რიგში, ჯგუფის წევრებს დააზიანებს.
„საქართველოს მომავალი, რა თქმა უნდა, არის ევროპა. რაიმე წარმატებას თუ მივაღწიეთ ევროინტეგრაციის გზაზე, ეს „ქართული ოცნების“ პირობებში მოხდა. შესაბამისად, განცხადებები, რომ „საქართველოს გზა ევროპაშია“, არის ფარისევლური.
რაც შეეხება ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებას, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან ცუდი იყო. ჩვენ ამით არაფერი დაგვიშავდება, არც პარკის გახსნაზე მოსულ ადამიანებს. პირველ რიგში, ეს საზიანო მათთვის არის, რადგან ყველა შეურაცხყოფას აყენებს თავიანთი ქმედებებიდან გამომდინარე. სადაც არ უნდა იყო და როგორც არ უნდა იყო, ღირსება არ უნდა დაკარგო. ყოველ კვირას რუსეთში რომ დადიხარ და „რუბლებს“ იღებ, რა ევროპაზე და ევროპულ მომავალზე გველაპარაკები? მათ ერთი სიტყვა არ უხსენებიათ ოკუპაციასთან დაკავშირებით. ეს რომ ახსენონ, რუსეთში აღარ შეუშვებენ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში ზღვისუბნის პარკის მსგავსი მასშტაბური პროექტი დედაქალაქში ჯერ არ გაკეთებულა და ეს კონკრეტული ღონისძიება არ არის პოლიტიკური.
„მე არ მახსოვს აქამდე „მგზავრებისთვის“ თბილისის მერიას კონცერტი გაეკეთებინოს. ახლა კი, კონცერტი იყო შეთანხმებული, მაგრამ საზოგადოების ნაწილის მხრიდან ზეწოლის გამო, გააუქმეს. ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი და ფაშისტური ქმედებები. ვნახეთ, რა განცხადებებს აკეთებდნენ, რა შეურაცხყოფებს აყენებდნენ. გულწრფელად გეუბნებით, შევდივარ „მგზავრების“ მდგომარეობაში. იმ წნეხში, ზეწოლასა და ბულინგში, სადაც ისინი იმყოფებიან, შეიძლება ბევრი ჩვენი თანამოქალაქეც იყოს. 26 ოქტომბერს ამ ადამიანებს და ზოგადად ყველას გავათავისუფლებთ. ქვეყანაში იქნება მშვიდობა, ყველა შეძლებს გააკეთოს ის, რაც უნდათ და არა ის, რაც გიგა მაქარაშვილებს, ნატა ფერაძეებს და მსგავსი ტიპის ელემენტებს უნდათ.
„მგზავრები“ იმღერებს თუ არა, ეს არის ქალაქისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი. ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში ამ მასშტაბის რეკრეაციული სივრცე არ გაკეთებულა. ეს არ არის პოლიტიკური ღონისძიება. 20-ში სასიამოვნო საღამო გელოდებათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, 20 ოქტომბერს დაგეგმილი „ევროპული მარშის“ შესახებ, დედაქალაქის მერის თქმით, აღნიშნულ მარშზე იდგებიან რადიკალები.
„რა მარში? რის მარში? რადიკალების ჭკუაზე ვიარო და იმით ვიხელმძღვანელო როდის შეიკრიბებიან და რას გააკეთებენ და ამის მიხედვით გავხსნა პროექტები? „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები მაგ მარშზე არ იდგებიან, რადგან მეორე მხარეს არის რადიკალიზმი, ბოროტება. იდგება ყველაზე ბინძური ძალა, რომელსაც ყველაფრის კადრება შეუძლია. როგორ შეიძლება, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძის გვერდით იდგეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი? ეს წარმოუდგენელია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.