“გერმანიის ეკონომიკური მდგომარეობა სულ უფრო უარესდება”-The Economist

30
spot_img

გერმანიის ეკონომიკა, რომელიც ორიოდე წლის წინათ ევროკავშირში ლოკომოტივად ითვლებოდა, დღეს მნიშვნელოვნად ჩამორჩება დანარჩენ „მდიდარ მსოფლიოს“. ქვეყანა უკვე ევროპისათვის მუხრუჭად გადაიქცა, – ნათქვამია ბრიტანული ჟურნალის „ეკონომისტის“ (The Economist) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით: „გერმანიის ეკონომიკური მდგომარეობა სულ უფრო უარესდება“.

პუბლიკაციაში გაანალიზებულია ის მიზეზები და გარემოებები, რომლებმაც ქვეყნის განვითარებას პრობლემები შეუქმნა.
როგორი იქნება გერმანიაში ეკონომიკური სიტუაცია უახლოეს წლებში? ექსპერტები თვლიან, რომ ამ კითხვაზე პასუხი რთულია: შესაძლოა გაისად გერმანელებმა ცოტა სული მოითქვან, მაგრამ გამოცოცხლების პროცესი დიდხანს არ გაგრძელდება.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა, ახლახან ტელევიზიით გამოსვლისას – მას შემდეგ, რაც ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1,3%-დან 0,2%-მდე გადაიხედა – ტევტონური თავშეკავებით აღიარა, რომ ქვეყნის ეკონომიკური პირობები “არადამაკმაყოფილებელია“. გერმანიას წინ ეკონომიკური დაქვეითება ელოდება, რაც ორი ათეული წლის განმავლობაში პირველ ორწლიან რეცესიას უქადის.
მართლაცდა, ევროპის უდიდესი ეკონომიკა ძლივს გამოვიდა კოვიდური შოკიდან და ახლა მსოფლიოს მდიდრებს უკან ჩანჩალით მისდევს. როგორც ევროპის ცენტრალური ბანკის წარმომადგენელი იზაბელ შნაბელი აცხადებს, 2021 წელს ევროპაში საკმაოდ კარგად მიდიოდა საქმე, რასაც ვერ ვიტყვით გერმანიაზეო, მაგრამ ევროზონის ეკონომიკაზე საუბრისას ისევე არ შეიძლება გერმანიის გარეშე ლაპარაკი, როგორც აშშ-ის ეკონომიკაზე – კალიფორნიისა და ტეხასის გარეშე.

რა თქმა უნდა, გერმანიის ეკონომიკურ სიძნელეებს თავისი მიზეზები აქვს. ბერლინი 2022 წლამდე რუსული იაფი ენერგონედლეულით – ნავთობითა და გაზით – საზრდოობდა, მთელი მრეწველობა მასზე იყო მიბმული, რუსეთ-უკრაინის ომმა და სანქციებმა კი ზარალი გერმანიასაც მიაყენა, მოიმატა ფასებმა ენერგომატარებლებზე. თავის მხრივ, ჩინეთის ეკონომიკურმა ძლიერებამაც ევროპაში ქაოსი დათესა. თუმცა, რა თქმა უნდა, მხოლოდ გარე ფაქტორების დადანაშაულება სწორი არ იქნება – გერმანიის ეკონომიკური პრობლემები უფრო ღრმად დევს და ვერც მხოლოდ საშინაო მიზეზები აქვს. ამას ისიც ემატება, რომ მთავრობა კოალიციურია და ყოველ პარტიას თავისი განსხვავებული ხედვები აქვს.

ბოლო წლებში გერმანიის მრეწველობა რიფ პრობლემებს წააწყდა, განსაკუთრებით ძალიან დაზარალდა ენერგოტევადი დარგები: ქიმიური, ლითონდამმუშავებელი და ქაღალდის წარმოება. მართალია, ამ სექტორების წილი ქვეყნის წარმოების მხოლოდ 16%-ს შეადგენს, მაგრამ ისინი სამრეწველო ენერგიის თითქმის 80%-ს მოიხმარენ. ბევრმა კომპანიამ ენერგიის გაძვირების კვალობაზე თავისი მუშაობა შეწყვიტა.

კიდევ უფრო სერიოზული პრობლემა გახდა კომპანიების უმრავლესობისათვის ის, რომ მსოფლიო მოთხოვნილებებში ცვლილებები მოხდა. გერმანიის ეკონომიკური ურთიერთობა ჩინეთთან ისეთი აღარაა, როგორც ადრე იყო. 2010-იან წლებში ორი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას ურთიერთდამატებული ხასიათი ჰქონდა: გერმანია ჩინეთს ავტომობილებს აწვდიდა, ქიმიური მრეწველობის პროდუქციას და სხვადასხვა მოწყობილობებს, თვითონ კი ჩინეთისაგან იძენდა სამომხმარებლო საქონელს, შუალედურ რესურსებს და ნახევარფაბრიკატებს – მაგალითად, აკუმულატორებს და ელექტრონულ კვანძებს (ინტეგრალურ სქემებს). ახლა ჩინეთი თვითონ აწარმოებს იმას, რის იმპორტირებასაც ადრე ახდენდა, ხოლო რიგ შემთხვევებში გერმანიის კონკურენტად იქცა, განსაკუთრებით ავტომრეწველობაში, რომელიც გერმანიის ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენს.

თუმცა, ექსპერტთა აზრით, გერმანიის მრეწველობის დასანანი ჩამორჩენა შეიძლება გადაჭარბებულიც კი იყოს. ყოველ შემთხვევაში არის იმის იმედები, რომ გაისად წარმოების მოცულობა გაიზრდება. მაგრამ თავის დამშვიდების შესაძლებლობა ნამდვილად არ იქნება. გერმანიაზე ისევ ნეგატიურ გავლენას მოახდენს ის გარემოება, რომ ქვეყანას ენერგოდეფიციტი აქვს. ელექტროენერგეტიკა, ატომური ელექტროსადგურების გაჩერების შემდეგ, ძირითადად რუსულ გაზზე მუშაობდა (თბოელექტროსადგურები), ახლა კი არც რუსული იაფი გაზი აღარ არის, მას უფრო ძვირი ამერიკული გაზი და ქვანახშირი ჩაენაცვლა. ელექტროენერგიის გაძვირებამ პროდუქციის გაძვირებაც გამოიწვია – გერმანულმა საქონელმა კონკურენტუნარიანობა დაკარგა, ევროზონის სხვა ქვეყნების პროდუქციასთან შედარებით.

კონკურენტუნარიანობის დაკარგვის გარდა, გერმანიას ბრძოლა უწევს დემოგრაფიული რყევების ნეგატიურ შედეგებთანაც. ბოლო წლებში ძირძველი გერმანული მოსახლეობა დაბალანსებული იყო იმიგრაციის მაღალი დონით, მაგრამ მიგრანტები უკვე იმდენი აღარ არის, რამდენიც ადრე იყო – კომპანიებს მუშახელი არ ჰყოფნით. როგორც ექსპერტები თვლიან, შრომისუნარიანი გერმანული მოსახლეობის რიცხოვნობა მომავალი ხუთი წლის განმავლობაში ყოველწლიურად 0,5%-ით შემცირდება, რაც ყველაზე სერიოზული ვარდნა იქნება მსოფლიოს მსხვილ ეკონომიკებს შორის.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ჩინოვნიკების გაფრთხილებით, თუ მწარმოებლობა მკვეთრად არ გაიზრდება, გერმანიის ეკონომიკური ზრდა ალბათ, წელიწადში 0,7%-იანი დონით დარჩება, რაც პანდემიამდელი დონის დაახლოებით ნახევარია. ფონდის ანალიტიკოსები პროგნოზით, ქვეყნის ეკონომიკაში სერიოზული პოზიტიური ცვლილებები, სამომავლო 2025 წლის ფედერალური არჩევნებამდე, მოსალოდნელი არ არის.

გერმანიაში რეცესია მტკივნეულია როგორც თვითონ გერმანელებისათვის, ასევე მთლიანად ევროზონისათვის. დროებითი ეკონომიკური აღორძინება მომავალ წელს, რომელიც გამოწვეული იქნება ინფლაციის შესუსტებითა და ენერგომატარებლებზე მეტ-ნაკლებად შემცირებული ფასებით – სტრუქტურულ პრობლემები ვერ გადაწყვეტს.

გერმანიის ეკონომიკაში პრობლემებისა და დაძაბულობის სიმპტომები ჯერ კიდევ კორონავირუსის პანდემიამდე გაჩნდა – პრობლემები გროვდებოდა მაშინაც, სანამ რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყებოდა და სანამ ჩინეთი პრობლემურ დარგებს ფულით ამოავსებდა. და, რა თქმა უნდა, გარკვეული დროის განმავლობაში დაძაბულობის ნიშნები შენარჩუნდება.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: