ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მეუფე ეფრემმა ვეტერანებს პატრიარქის მილოცვა და ლოცვა-კურთხევა გადასცა.
„ჩვენო ვეტერანებო, ქვეყნისთვის დამაშვრალო, ჩვენო სულიერო შვილებო!
ღვთის შეწევნით, კვლავაც მაქვს შესაძლებლობა, მოგესალმოთ და მოგილოცოთ დღე, რომელიც ყველას ახსენებს თქვენს ღვაწლს, ჩვენი ახლო წარსულის ცოცხალ მაგალითს, ქვეყნისა და მოყვასის სამსახურისთვის გაწეულს. მიუხედავად იმისა, რომ 2-ათასწლოვანი ისტორიის მანძილზე ჩვენი ერის საუკეთესო ნაწილი ეწირებოდა ქრისტეს რწმენასა და სამშობლოს დაცვას, მიუხედავად იმისა, რომ ათეისტური რეჟიმის პირობებში ყველაზე ღირსეული და გამორჩეული მამულიშვილნი ერთიანად მოსპეს და გაანადგურეს, ქართულ გენში გმირული სული მაინც ვერ ჩაკლეს! თქვენც ამ გენის გამოვლინებანი ხართ. მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და ქვეყნის სამსახურისთვის კვლავაც დაუღალავი მუშაკობა.
ასევე, მინდა დავლოცო თქვენი გარდაცვლილი თანამოძმენი და შევთხოვო უფალს მათ სულთა ცხონება, ხოლო მათი შთამომავლების ოჯახის წევრებისა და ახლობლების მშვიდობით კურთხევა.
მაცხოვრისა და უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მადლი და წყალობა და ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის მეოხება არ მოგკლებოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს“, – აღნიშნავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, რომლის მისალოცი წერილი ღონისძიებაზე მეუფე ეფრემმა წაიკითხა.
17 ოქტომბერი ვეტერანის დღეა. ამ დღეს საქართველო 2014 წლიდან აღნიშნავს. ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.