საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დღეს ალბანეთს დაუპირისპირდება

20
spot_img

ერთა ლიგის B დივიზიონის მეოთხე ტურში საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ალბანეთს დაუპირისპირდება. მატჩისწინა ვარჯიში ჩვენმა გუნდმა საგურამოში გამართა. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე ჩატარდა ტრადიციული პრესკონფერენცია. ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, ვილი სანიოლთან ერთად მედიის კითხვებს ფეხბურთელმა, ლაშა დვალმა უპასუხა.

„უკრაინასთან შეხვედრის შემდეგ ცოტა უცნაური შეგრძნება გვაქვს, რადგან ეს იყო შეხვედრა, რომელშიც მოგება ან ქულის აღება მაინც შეგვეძლო. ბევრი რამ გვაკლდა და ხვალინდელ შეხვედრაში ჩემთვის ტაქტიკურ ცვლილებებზე უფრო მნიშვნელოვანი თამაშის კარგად დაწყება და 90 წუთის განმავლობაში კონცენტრაციის და აგრესიულობის შენარჩუნება იქნება“, – აღნიშნა „ჯვაროსნების“ მთავარმა მწვრთნელმა.
დვალმა კი განაცხადა, რომ გუნდმა უკრაინასთან თამაშის შემდეგ ძალები აღიდგინა.

„მოკლე დროში გვიწევს მეორე თამაშის ჩატარება. იგივე მდგომარეობაშია მოწინააღმდეგე გუნდიც. მაქსიმალურად აღვიდგინეთ ძალები და 24 საათი კიდევ გვაქვს. ვფიქრობ, თამაშისთვის მზად ვართ“, – აღნიშნა ფეხბურთელმა.

ყვითელი ბარათების გამო მატჩს გიორგი ქოჩორაშვილი გამოტოვებს. 3 ტურის შემდეგ „ჯვაროსნები“ 6 ქულით ჯგუფში ლიდერობას ჩეხეთთან იყოფენ.

შეხვედრა 20:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაიწყება. მატჩის ყურება შესაძლებელი იქნება რესპუბლიკის მოედანზეც, სადაც სპეციალური ეკრანები დამონტაჟდება.