ლიეტუვაში საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური მიმდინარეობს.
არჩევნებისთვის, დაახლოებით 2.4 მილიონი ამომრჩეველია რეგისტრირებული. ლიეტუვის პარლამენტის, ანუ სეიმის, 141 წევრს ოთხი წლის ვადით, ორ-ტურიანი არჩევნების ჩატარების შედეგად აირჩევენ.
დღეს, 70 დეპუტატს აირჩევენ პარტიული სიებით, რომლებსაც შეუერთდებიან ერთმანდატიანი ოლქებიდან ის კანდიდატები, რომლებიც ხმების 50%-ზე მეტს მოიპოვებენ. მეორე ტური 27 ოქტომბერს გაიმართება, როდესაც ერთმანდატიანი ოლქების უმრავლესობაში ამომრჩევლები არჩევანს ორ ყველაზე კარგი შედეგის მქონე კანდიდატს შორის გააკეთებენ.
საზოგადოებრივი აზრისა და ბაზრის კვლევის დამოუკიდებელი ინსტიტუტის, „ვილმორუსის“ მიერ ჩატარებული ბოლო გამოკითხვის შედეგად, არჩევნებში „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ ლიდერობს, რომელსაც ვილია ბლინკევიჩიუტე ხელმძღვანელობს, და მას პრემიერ-მინისტრ ინგრიდა შიმონიტეს პარტია „სამშობლოს კავშირზე“ ორჯერ მეტი მხარდაჭერა აქვს. გამოკითხვის თანახმად, რეიტინგის მიხედვით აღნიშნულ ორ პარტიას შორისაა მემარჯვენე პოლიტიკოსის, რემიგიუს ზემაიტაიტის ახლად დარეგისტრირებული პარტია „ნემუნო აუშრა“.
ამასთან, გამოკითხვების თანახმად, ამომრჩევლების ხმების 20%-ზე მეტს ვერცერთი პარტია ვერ მიიღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობის ფორმირებისთვის ალიანსის შექმნა იქნება საჭირო.
აღსანიშნავია, რომ „სოციალ-დემოკრატებმა“ ზემაიტაიტის პარტიასთან ალიანსი გამორიცხეს.