სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე და არავის მივცემთ ქვეყანაში არეულობის შემოტანის შესაძლებლობას-ირაკლი კობახიძე

11
spot_img

გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქება, რაც, საბედნიეროდ, მსხვერპლის გარეშე დასრულდა, იყო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე სამი დღით ადრე მომხდარი უმძიმესი აქტი, რომელიც, მაღალი ალბათობით, არჩევნების შედეგებზე ზემოქმედებას ისახავდა მიზნად. ამ დანაშაულში მიხეილ სააკაშვილისა და გია ლორთქიფანიძის კვალის გამოკვეთა დამაფიქრებელია და გამოძიების განსაკუთრებული ინტერესის საგნად უნდა იქცეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა საქართველოს პროკურატურაში გუშინ გამართულ ბრიფინგს გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმესთან დაკავშირებით.

„ბრალდებულმა დარჩო ხეჩუაშვილმა მიცემული ჩვენებით დაადასტურა, რომ მან 2016 წელს დავალება გივი თარგამაძის თვალთვალის შესახებ მიხეილ სააკაშვილისა და გია ლორთქიფანიძის ჩართულობით მიიღო. შეგახსენებთ, რომ გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქება, რაც, საბედნიეროდ, მსხვერპლის გარეშე დასრულდა, იყო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე სამი დღით ადრე მომხდარი უმძიმესი აქტი, რომელიც, მაღალი ალბათობით, არჩევნების შედეგებზე ზემოქმედებას ისახავდა მიზნად. ამ დანაშაულში მიხეილ სააკაშვილისა და გია ლორთქიფანიძის კვალის გამოკვეთა დამაფიქრებელია და გამოძიების განსაკუთრებული ინტერესის საგნად უნდა იქცეს.

დაგვეთანხმებით, უცნაურია, რომ პირმა, რომელიც 2016 წელს წინასაარჩევნოდ უმძიმესი პროვოკაციის მოწყობაშია ბრალდებული და რომელსაც საქართველოში 18-წლიანი პატიმრობა ემუქრება, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ორიოდე კვირით ადრე ე.წ. მწვანე საზღვარი გადმოკვეთა და საქართველოში უკანონოდ შემოსვლას გეგმავდა. გონივრულია ვარაუდი, რომ ასეთ ნაბიჯზე ადამიანი მხოლოდ შანტაჟის და ანალოგიური დავალების შესრულების მოთხოვნის პირობებში შეიძლება წავიდეს“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, რადიკალურ ოპოზიციაში ძალიან კარგად იციან რეალური პარტიული რეიტინგები.

„ყველამ იცის, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი დაახლოებით 60 პროცენტს შეადგენს და კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ ერთი, უმძიმესი, მეცხრე საარჩევნო მარცხისთვის არის განწირული. ამ ფონზე, მათ პარტიულ ოფისებში არ წყდება საუბარი პროვოკაციების მოწყობასთან დაკავშირებით, რამაც, მათი გათვლით, არჩევნების მიმდინარეობაში კორექტივები უნდა შეიტანოს

ბრალდებულ დარჩო ხეჩუაშვილის საქართველოში უკანონოდ შემოსვლის საეჭვო მცდელობის და რადიკალური ოპოზიციის პარტიულ ოფისებში მიმდინარე საუბრების ფონზე, მოვუწოდებ ყველა სამართალდამცავ უწყებას, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ და პროვოკაციების აღკვეთაზე განსაკუთრებული ყურადღებით იმუშაონ“, – განაცხადა კობახიძემ.

ყველა ხედავთ, რომ საარჩევნო კამპანია წარიმართება უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში, რაც რადიკალიზაციაზე ორიენტირებული კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ წარმატების შანსებს კიდევ უფრო ამცირებს. საარჩევნო გარემო არის თავისუფალი და კონკურენტული, რაც ეუთო-ოდირის მიერ გუშინ გამოქვეყნებულმა ანგარიშმაც დაადასტურა. ამ ფონზე, გასაკვირი არაა, რომ რადიკალური ოპოზიციის ფიქრი ახლა მთლიანად პროვოკაციებისკენ არიან მიმართული.

სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე და არავის მივცემთ ქვეყანაში არეულობის შემოტანის შესაძლებლობას. მმართველი გუნდი გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ საარჩევნო პროცესები მშვიდ გარემოში გაგრძელდეს და ამომრჩეველმა 26 ოქტომბერს მშვიდ ვითარებაში შეძლოს საკუთარი არჩევანის გაკეთება

მოვუწოდებთ რადიკალურ ოპოზიციას, თავი შეიკავონ პროვოკაციების დაგეგმვისგან. ნებისმიერ პროვოკაციას სახელმწიფოსგან უმკაცრესი პასუხი გაეცემა“, – განაცხადა კობახიძემ.