„ლელო“ და გახარიას პარტია არის გამორჩეულად საშიში პოლიტიკური სუბიექტები”- პრემიერი

4
spot_img

ამ ქვეყანაში „ლელო“ და გახარიას პარტია არის გამორჩეულად საშიში პოლიტიკური სუბიექტები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის შესახებ „ქართულ ოცნებაში“ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, მამუკა ხაზარაძე პირდაპირ იყო ჩართული მაშინდელი რეჟიმის დანაშაულებრივ ქმედებებში.

„რეალურად სათქმელი არაფერი არ აქვთ, მე აბსოლუტურად ვიზიარებ, რა თქმა უნდა, იმ განცხადებას, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გააკეთა. რა თქმა უნდა, ამ ქვეყანაში „ლელო“ და გახარიას პარტია არის გამორჩეულად საშიში პოლიტიკური სუბიექტები. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ახალს“, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ სახეებისგან შედგება, მათთან დაკავშირებით ყველამ ყველაფერი ძალიან მარტივად იცის. მათ პირდაპირი კავშირი წინა რეჟიმთან აქვთ. წარმოადგენდნენ, როგორც სახეები წინა რეჟიმს, მაშინდელ ხელისუფლებას. რაც შეეხება ხაზარაძეს, ის პირდაპირ მაშინდელ ხელისუფლებას არ წარმოადგენდა, ამიტომ შეიძლება საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეცდომაში შევიდეს, თუმცა ყველას მინდა შევახსენო, რომ ის პირდაპირ იყო ჩართული მაშინდელი რეჟიმის დანაშაულებრივ ქმედებებში, რაც განსაკუთრებით უკავშირდებოდა ბიზნესის რეკეტს. კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ ის საქმეები, რომელიც უკავშირდება კომპანია „მაგნატს“, „ელიტ ელექტრონიქსს“, „კონსტანტას“. ღამე კომპანიების წილების გადაფორმება, ამ ყველაფერში ჩართული იყო, სამწუხაროდ, ეს კონკრეტული ადამიანი. ბუნებრივია, ეს ყველაფერი საზოგადოებას უნდა შევახსენოთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, როცა გიორგი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ერთმანეთთან დაეპირისპირებინა სახელმწიფო და მოქალაქეები, პოლიცია და ახალგაზრდები.

„რაც შეეხება გახარიას, მე მინდა მისი ქმედებები შეგახსენოთ, რაც მამუკა მდინარაძემ გაიხსენა. ის მიზანმიმართულად, როცა შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ერთმანეთთან დაეპირისპირებინა სახელმწიფო და მოქალაქეები, პოლიცია და ახალგაზრდები. ყველა შესაბამისი მოქმედება, რასაც ის ახორციელებდა, სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა. ეს მისი დავალება იყო, ის როგორც უცხოელი აგენტი ისე მოქმედებდა, დავალებებს იღებდა და ეს დავალებები ემსახურებოდა ამ მიზანს – სახელმწიფო ინსტიტუტების, განსაკუთრებით სამართალდამცავი ორგანოების და მოქალაქეების ერთმანეთთან დაპირისპირებას. ამას უკავშირდებოდა ის რაც პანკისში, მესტიაში, ბასიანში, 20 ივნისს მოხდა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ჩორჩანას ამბავს და ასევე იმასაც შეგახსენებთ, რომ ამ ქმედებაზე არავითარი რეაქცია არ ჰქონდა, მაშინ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებულ არცერთ ტელევიზიას. რატომ? – მარტივად, გადაეფარნენ გახარიას, რომელიც ზუსტად იგივე ხალხისგან იმართება, რომლებისაგანაც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ტელევიზიები იმართება, ესენი არიან უცხოელი პატრონები“, – განაცხადა კობაძემ.