“არ მგონია, საქართველოს მიმართ ორმაგი სტანდარტი სწორი და მეგობრული ჟესტი იყოს” – სოზარ სუბარი

68
spot_img

საქართველოს მთავრობას გაცხადებული აქვს ძალიან მკაფიოდ, რომ არცერთი სანქცირებული კომპანია, ბორტი საქართველოში არ იფრენს, სხვა მხრივ შეშფოთებას რა საფუძველი აქვს, მართლა ვერ ვხვდები, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

სუბარის თქმით, თავისუფლად დაფრინავენ რუსული არასანქცირებული თვითმფრინავები ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ისრაელი, თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ცენტრალური აზიის ქვეყნები.

„არავის შეშფოთება არ გამოუთქვამს, არავის უთქვამს, რომ ეს შეიძლება, სანქციას დაექვემდებაროს. საქართველოს მიმართ ასეთი ორმაგი და განსხვავებული სტანდარტი, არ მგონია, რომ სწორი და მეგობრული ჟესტი იყოს. საქართველო ასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, რაც ჩვენ აღებული გვაქვს საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე. საქართველო არ არის გამოყენებული სანქციების გვერდის ავლის გზად და ის, რომ საქართველო არ დააწესებს ცალმხრივ სანქციებს, ამაზე მკაფიოდ გვაქვს გაცხადებული პოლიტიკა. თუ მაინცდამაინც ლაპარაკია იმაზე, რომ ვიღაც არღვევს სანქციებს და ამაზე უნდათ აქცენტის გაკეთება, ძალიან ბევრი ინფორმაცია ქვეყნდება მსოფლიო პრესაში, როგორ შედის თუნდაც იმავე უკრაინაში რუსული საწვავი ბალტიისპირეთიდან პოლონეთის გავლით ან რუსული სანქცირებული ნავთობი როგორ გადამუშავდება ინდოეთსა და სხვადასხვა ქვეყანაში, როგორ მარაგდება ევროპის ქვეყნები და საქართველოს მიმართ ნუ ექნებათ რაღაც განსხვავებული სტანდარტი, როცა კარგად იციან, რეალურად ვინ არღვევს ამ სანქციებს“, – განაცხადა სუბარმა.