უკრაინის ომი კომპრომისით მთავრდება?! – რას წერს Financial Times-ი

8
spot_img

ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) 8 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნებულია სარედაქციო სტატია სათაურით „უკრაინის ომი კომპრომისით მთავრდება?! კიევი ვერ იღებს ისეთ დახმარებას, რომლითაც რუსეთზე თავის უპირატესობას დაიბრუნებს“. მასში გაანალიზებულია უკრაინის მძიმე მდგომარეობა და ის არასასურველი პერსპექტივა, რომელიც კიევს წინ ელოდება. შესაბამისად, დასავლეთმა უკრაინა სამშვიდობო მოლაპარაკებისათვის უნდა მოამზადოს და კომპრომისებზე დაითანხმოს, უსაფრთხოების შესაბამისი გარანტიებით.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

უკრაინას ომის პერიოდის მესამე ზამთარი უახლოვდება, რომელიც ისეთი ბნელი და ცივი მოჩანს, როგორც არასდროს. აღმოსავლეთის ფრონტზე უკრაინის არმია რუსებთან  ბრძოლების შედეგად უკან იხევს – მართალია, კრემლისათვის დიდი დანაკარგების ფასად, მაგრამ მაინც. იმის გამო, რომ ელექტროენერგიის მწარმოებელ ობიექტთა ნახევარი დანგრეულია და მწყობრიდან არის გამოყვანილი, უკრაინელებს ზამთარში – წლის ყველაზე ცივ თვეებში – ყოველდღიურად რამდენიმე საათი შუქისა და სითბოს გარეშე ყოფნა მოუწევთ

ამასობაში კი ვაშინგტონში და დასავლეთის ზოგიერთ დედაქალაქში – აგრეთვე კიევის სამთავრობო დერეფნებშიც – განწყობა იცვლება: რწმენა, რომ უკრაინაში ომი მხოლოდ დაკავებული ტერიტორიიდან რუსეთის ჯარის გაყვანის შემდეგ დასრულდება, თანდათანობით ადგილს უთმობს აღიარებას, რომ სამშვიდობო მოლაპარაკება აუცილებელია – კიევი თმობს ტერიტორიებს, ხოლო ქვეყნის დიდი ნაწილი ხელუხლებელი რჩება. ეს შეიძლება უკრაინისთვის საუკეთესო იმედი და გამოსავალი იყოს. მაგრამ კიევს ამ შეზღუდული მიზნის მიღწევაშიც კი დასავლეთი ხელს არ უწყობს.

უკრაინის პერსპექტივა უღიმღამოდ მოჩანს, უპირველეს ყოვლისა, იმის გამო, რომ აშშ-ში, სავარაუდოდ, 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს, რომელიც, როგორც აცხადებს, პრეზიდენტად არჩევისთანავე, ომის სწრაფად შეწყვეტას შეეცდება. ზოგიერთი ამერიკელი და ევროპელი ოფიციალური პირი იმედოვნებს, რომ ისინი შეძლებენ დონალდ ტრამპს როგორმე გადაათქმევინონ უკრაინაზე ზეწოლის მოხდენა არამომგებიან გარიგებაზე ხელმოსაწერად, რომელიც თავის მხრივ, სერიოზულ რისკებს შეუქმნის ამერიკისა და ევროპის სამომავლო უსაფრთხოებას.

და მაინც, ახლო აღმოსავლეთში ომის ესკალაციის მიუხედავად, ის ევროპელი ლიდერები, რომლებსაც ადრე მტკიცედ სურდათ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დამარცხება, ახლა თავიანთ თვალსაზრისს ცვლიან. ასევე, ზოგიერთი კიეველი ჩინოვნიკი, კერძო საუბრებში ჩივიან იმის გამო, რომ მათ არ ჰქოფნით ცოცხალი ძალა და დასავლეთის სამხედრო დახმარება რუსეთის მიიერ ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად.

დახურულ კარს მიღმა დაწყებულია მოლაპარაკება ისეთი გარიგების (შეთანხმების) დასადებად, რომლის მიხედვით, მოსკოვი დე-ფაქტო კონტროლს ინარჩუნებს უკრაინის ტერიტორიის ერთ მეხუთედ ნაწილზე, რომელიც რუსეთის არმიას აქვს ოკუპირებული (თუმცა მასზე რუსეთის სუვერენიტეტი იურიდიულად აღიარებული არ იქნება), პარალელურად კი ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიას უფლება მიეცემა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი გახდეს, უსაფრთხოების ექვივალენტური გარანტიით. ასეთი სახით უკრაინას შესაძლებლობა მიეცემა ევროკავშირში ისეთივე ინტეგრირება განახორციელოს, როგორც დასავლეთ გერმანიამ  ცივი ომის პერიოდში.

თუმცა აქვე შევნიშნავთ, რომ ეს სცენარი საკმაოდ ამბიციურ ვარაუდებზეა დაფუძნებული.

პირველ რიგში იმიტომ, რომ აშშ და მისი მოკავშირეები მზად უნდა იყვნენ ერთხმად შესთავაზონ უკრაინას ნატოს წევრობა ან ისეთი გარანტიები, რომლებზეც ისინი დღემდე თავს იკავებდნენ – იმიტომ, რომ საჭირო გახდება აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მხრიდან დამატებითი  დიდი ძალების განთავსება ახალ ტერიტორიაზე, რაც ძვირადღირებულია და უდიდეს ხარჯებს მოითხოვს, ცივი ომის დროინდელი სტილით.

მეორე ვარაუდი იმით გამოიხატება, რომ ზოგიერთებს სჯერათ – რუსეთის პრეზიდენტი შეიძლება როგორმე დათანხმდეს ასეთი სცენარის მქონე მოლაპარაკებაზე, მაგრამ გავიხსენოთ, რომ კრემლის ჯარების უკრაინაში შეჭრის ერთ-ერთ მიზეზს სწორედ უკრაინის ნატოში გაწევრიანების თავიდან აცილება წარმოადგენდა. ასევე საეჭვოა, რომ დღეს ვლადიმერ პუტინს  მსგავს გარიგებაზე თანხმობის სურვილი ჰქონდეს, როცა მისი ჯარები წინ მიდიან და იგი დარწმუნებულია, რომ უკრაინის უფრო მეტი ტერიტორიის დაკავება შეუძლია.

გასულ თვეში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვაშინგტონში თავისი „გამარჯვების გეგმა“ წარადგინა, რომლის მიზანს კიევის დასავლელი მოკავშირეების დარწმუნება წარმოადგენდა – მეტი სამხედრო და დიპლომატიური დახმარება გაუწიონ უკრაინას, რათა რუსეთი იძულებული გახდეს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს. მაგრამ ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-დან ხელცარიელი დაბრუნდა, მან ვერ მიიღო მკაფიო პასუხი ორ საკვანძო საკითხთან დაკავშირებით: ნატოს წევრად გარანტირებულ მიღებაზე და დასავლური რაკეტების გამოყენებაზე რუსეთის  სიღმეში მდებარე ობიექტების გასანადგურებლად.

რასაკვირველია, დასავლეთმა ყველა სიტუაციაში უკრაინის პოზიციები უნდა განამტკიცოს, მაგრამ კრემლის იძულება ისეთ გარიგებაზე დათანხმდეს, რომელიც მომგებიანია მხოლოდ კიევისა და დასავლეთისათვის, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ მოსკოვი იგრძნობს, რომ ბრძოლის გაგრძელების ფასი ძალიან მაღალია.

ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის დარულებამდე კიდევ სამი თვე რჩება. ამ ხნის განმავლობაში თეთრმა სახლმა და მისმა ევროპელმა მოკავშირეებმა უკრაინას მაქსიმალური დახმარება უნდა გაუწიონ. დასავლეთმა უკრაინა, დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, მაქსიმალურად მომგებიანი პოზიციით უნდა უზრუნველყოს, ხოლო კამალა ჰარისის გამარჯვების შემთხვევაში – შექმნას ისეთი ფუნდამენტი, რომელსაც იგი დაეყრდნობა. ჩვენ ჯერ-ჯერობით არ ვიცით, თუ როგორ დასრულდება ომი, მაგრამ შეგვიძლია – და ეს ჩვენს ინტერესებში შედის – უკრაინას ისე დავეხმაროთ, რომ კიევმა უპირატესობა დაიბრუნოს მტერთან მიმართებით.

წყარო