ჩვენი ქვეყანა მაქსიმალურად უწყობს ხელს მშვიდობას ჩვენს რეგიონᲨი და ეს იქნება ჩვენი მიდგომა შემდეგი წლების განმავლობაშიც, პრაგმატული პოლიტიკა და რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.
მისი თქმით, მომავალ წელს შემხვედრი ნაბიჯებიც იქნება გადადგმული, რაც უზრუნველყოფს ურთიერთობების გადატვირთვას, როგორც აშშ-ის, ისე ევროკავშირის მიმართულებით.
„ჩვენი უმნიშვნელოვანესი ეროვნული ამოცანა არის ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვა. ბუნებრივია, არ მოგვწონს ურთიერთობების ის მდგომარეობა, რომელიც გვაქვს დღეს. ჩვენი მხრიდან ყველა ნაბიჯი იდგმება იმისათვის, რომ მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მომავალ წელს, მას შემდეგ, რაც დასრულდება უკრაინაში ომი, შემხვედრი ნაბიჯებიც იქნება გადადგმული, რაც უზრუნველყოფს ურთიერთობების გადატვირთვას, როგორც აშშ-ის, ისე ევროკავშირის მიმართულებით. ევროინტეგრაცია რჩება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტად. 2030 წლისთვის საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის იქნება ყველაზე მეტად მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად. უკვე 2028 წლისთვის ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ 90%-ს გადააჭარბებს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებამ და DCFTA-ით გათვალისწინებული ვალდებულებების 90% იქნება უკვე შესრულებული უკვე 2028 წლისთვის, რაც დამატებით შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას. ნატო-სთან თანამშრომლობის გაღრმავება არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. აქ გვაქვს ძალიან დიდი პროგრესი. შარშან მოეწერა ხელი შესაბამის შეთანხმებას და გვაქვს კონკრეტული ინიციატივები, რომელიც არის განხორციელების პროცესში და მადლობა ჩინელ პარტნიორებს ამ მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.
ასევე, პრემიერის თქმით, ყველაფერი გაკეთდება, რომ საქართველომ აზერბაიჯანთან, სომხეთთან და თურქეთთან ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად გააღრმაოს.
„რაც შეეხება სამეზობლო პოლიტიკას, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან გვაქვს არაჩვეულებრივი, კეთილმეზობლური ურთიერთობები, სტრატეგიული პარტნიორობა. მომავალშიც ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ეს ურთიერთობები გავაღრმაოთ. ჩვენი ქვეყანა მაქსიმალურად უწყობს ხელს მშვიდობას ჩვენს რეგიონᲨი და ეს იქნება ჩვენი მიდგომა შემდეგი წლების განმავლობაშიც. არაღიარების პოლიტიკა მთელი ამ წლების განმავლობაში იყო ძალიან წარმატებული. 2012 წლისთვის ოთხი სახელმწიფოს ჰქონდა აღიარებული აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა და ეს ოთხი სახელმწიფო დარჩა ოთხ სახელმწიფოდ, რაც არის მთლიანად ხელისუფლების, კონკრეტულად საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგი. დიდი მადლობა სამინისტროს და პირადად მინისტრს ილია დარჩიაშვილს მათი საქმიანობისთვის. პრაგმატული პოლიტიკა და რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი“, – განაცხადა პრემიერმა.