საოცარია და ძალიან გასაკვირია, როდესაც საფუძველი არაფერი არსებობს და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თავის მოქალაქეებს ასეთ გზავნილს უგზავნის, რომ თავი აარიდონ 26 ოქტომბერს და შემდგომ დღეებში მასობრივი თავშეყრის ადგილებს, რადგან მოსალოდნელია დემონსტრაციები, – განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე არჩილ გორდულაძემ.
მისივე თქმით, ეს სხვა არაფერია, თუ არა წინასწარ ცოდნა, რომ არეულობების მცდელობები იქნება და ამ არეულობებისგან პრევენციას ახდენენ თავიანთი მოქალაქეების.
„სხვა უბრალოდ, ლოგიკა არ არსებობს. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ახლაც ვამბობთ, საზოგადოებას ნებისმიერ დროს შეუძლია არქივი ნახოს, რამდენჯერ გვაქვს ნათქვამი, რომ „ნაცმოძრაობა“ და მასთან აფილირებული, მის კლასტერში მყოფი პარტიები არაფერს აკეთებენ არჩევნების დღისთვის, 26 ოქტომბრისთვის. ისინი ემზადებიან 26 ოქტომბრის შემდეგ, 27-დან სხვადასხვა ქმედებებისთვის და არეულობის შემოტანის მცდელობები ექნებათ ქვეყანაში. ამის ანონსი ვნახეთ და სხვა არაფერი, რაც ძალიან სამწუხაროა.
ერთი რამ დაიმახსოვროს ყველამ, რომ ქართველ ხალხთან ერთად, „ქართული ოცნება“, სამართალდამცავები და ჩვენი გმირი პოლიციელები, ყველა სამართალდამცავი სტრუქტურის თანამშრომელი მაგრად იდგება, ერთად იდგება და არ დაუშვებენ ამ ქვეყანაში არეულობის, მცდელობის ერთ ფაქტსაც კი. ვინც არ უნდა სცადოს, რაც არ უნდა სცადოს, როგორც აქამდე ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში, ისე ჩაუვარდებათ, როგორც 26 ოქტომბერს, ასევე, 26 ოქტომბრის შემდეგ, ვინაიდან, სიმართლე, როდესაც არის ერთი, ცხადი და ნათელი, ამ სიმართლის წინააღმდეგ რაც არ უნდა, მცდელობები განახორციელონ, არავითარი აზრი არ აქვს და ყოველთვის სიმართლე გაიმარჯვებს სიცრუეზე და ფაქტების გარეშე მსჯელობებზე“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
აშშ-ის საელჩომ იმეილით საკუთარი მოქალაქეები გააფრთხილა: „მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით, დიდი მასების შესაძლო შეკრების, ან საპროტესტო აქციების მიმართ“.