“დებატები ამერიკის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის – მთავარი საკითხები და შეჯამება”-“ამერიკის ხმა”

16
spot_img

აშშ-ის სამაუწყებლო კომპანია Voice of America („ამერიკის ხმა“ – ფინანსდება სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ) აქვეყნებს სტატიას სათაურით: „დებატები ამერიკის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის – მთავარი საკითხები და შეჯამება“, რომელშიც რესპუბლიკელ ჯეი დი ვენსისა და დემოკრატ ტიმ უოლცს შორის გამართული დებატებია განხილული.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

პირველი და ბოლო დებატები ამერიკის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის შედგა. რესპუბლიკელი სენატორი ჯეი დი ვენსი და დემოკრატი გუბერნატორი ტიმ უოლცი ერთმანეთს ტელეკომპანია „სი-ბი-ესის“ ეთერში, ქალაქ ნიუ-იორკში, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებმა, სტუდიაში შესვლისას ერთმანეთს ხელი დებატების დაწყებამდე ჩამოართვეს. დებატების დასრულების შემდეგ, სცენაზე მეუღლეების ასვლისთანავე, როგორც კანდიდატებმა, ისე მათმა ცოლებმა ერთმანეთს ხელი კვლავ ჩამოართვეს და მადლობაც გადაუხადეს.

დებატების უმეტესი ნაწილი მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა და კანდიდატებს ერთმანეთისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ. მეტიც, საპრეზიდენტო დებატებისგან განსხვავებით, კანდიდატები, რამდენჯერმე ერთმანეთს კიდეც დაეთანხმნენ.

კანდიდატებმა ამერიკელი ამომრჩევლისთვის მნიშვნელოვანი და მსოფლიოში მიმდინარე თემები განიხილეს.

ახლო აღმოსავლეთი

პირველი, რაზეც კანდიდატებს შეკითხვები დაუსვეს, ახლო აღმოსავლეთში გამწვავებული მდგომარეობაა. ირანმა სამშაბათს ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების დიდი რაოდენობა გაუშვა. ეს ისრაელის მიერ თეირანის მოკავშირე “ჰეზბოლას” ლიდერებზე ლიბანში განხორციელებულ თავდასხმებზე პასუხი იყო.

ისრაელის არაერთ ქალაქში განგაშის სირენები ჩაირთო და იერუსალიმისა და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს მიმდებარედ აფეთქებების ხმა ისმოდა. მოქალაქეებმა თავშესაფრებს მიაშურეს.

ირანის “რევოლუციური გვარდიის” წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ირანმა ისრაელისკენ ათობით რაკეტა გაუშვა და თუკი ისრაელი ამაზე შურს იძიებს, პასუხი კიდევ უფრო “დამანგრეველი” იქნებოდა.

დემოკრატიული პარტიის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა, მინესოტის გუბერნატორმა ტიმ უოლცმა თქვა, რომ უმნიშვნელოვანესია არავის დაავიწყდეს, საიდან დაიწყო ყველაფერი. მან გასული წლის 7 ოქტომბერს, „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმა გაიხსენა და თქვა, რომ ისრაელს ყველანაირი უფლება აქვს თავი დაიცვას, მაგრამ ასევე საჭიროა ჰუმანიტარული კრიზისის დასრულება ღაზის სექტორში.

რაც შეეხება შეკითხვას – დაუჭერდა თუ არა მხარს ისრაელის მიერ ირანისთვის საპასუხო დარტყმის მიღების გადაწყვეტილებას, უოლცმა თქვა, რომ ახლა ახლო აღმოსავლეთში არსებული სიტუაციის დასარეგულირებლად, საჭიროა ისეთი ლიდერშიფი, როგორიც ამჟამად ქვეყანაში არსებობს და რასაც კამალა ჰარისი სთავაზობს ამომრჩეველს.

რესპუბლიკელი კანდიდატი, ჯეი დი ვენსი, ახლო აღმოსავლეთზე საუბრისას, ხშრიად უსვამდა ხაზს იმას, რომ მისი აზრით, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს, ახლო აღმოსავლეთში სტაბილური მდგომარეობა იყო. ბაიდენ- ჰარისის ძალაუფლებაში ყოფნის დროს კი „ჰამასის“ მიერ ისრაელზე თავდასხმა მოხდა. ვენსი ამტკიცებდა, რომ ჰარისი ვერ გაუძღვება მსგავს გამოწვევებს. ხოლო შეკითხვაზე, რა უნდა მოიქმედოს ამ შემთხვევაში ისრაელმა, ვენსმა უპასუხა, რომ ეს თავად ისრაელის გადასაწყვეტია.

ქარიშხალი „ჰელენი“ და კლიმატის ცვლილება

ამერიკაში ახლა ქარიშხალი „ჰელენი“ მძვინვარებს. ის ბოლო 50 წლის განმავლობაში, ქარიშხალ „კატრინას“ შემდეგ, ყველაზე მომაკვდინებელია ამერიკის ისტორიაში. მონაცემები მუდმივად იცვლება, თუმცა ბოლო ინფორმაციით, ქარიშხალმა 160-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ასობით კი დაკარგულად ითვლება. სწორედ ეს სტიქიური უბედურება და ზოგადად, კლიმატის ცვლილება იყო მომდევნო საკითხი, რაც ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებმა განიხილეს.

ორივე კანდიდატმა მიუსამძიმრა დაღუპულების ოჯახებს და თავიანთი გულწრფელი შეშფოთება გამოხატეს მომხდარის გამო. ჯე დი ვენსის თქმით, ტრაპმის გაპრეზიდენტების შემთხვევაში, მოქალაქეები და მათი კარგად ყოფნა უპირველესი საზრუნავი იქნება.

კლიმატის ცვლილებაზე საუბრისას, ვენსმა გააკრიტიკა ჰარის-უოლცის კლიმატის ცვლილებასთან გამკლავების გეგმა და დონალდ ტრამპის რიტორიკა გაიმეორა. ვენსის თქმით, ჰარისის გეგმის განხორციელების შემთხვევაში, იმ ელექტრო მანქანებისა და მზის სისტემების საჭირო ნაწილების წარმოებით, რომლითაც ჰარისს სურს გარემოს დაბინძურება თავიდან აიცილოს, მხოლოდ ჩინეთი გამდიდრდება, რადგან მათი წარმოება ახლა ჩინეთშია შესაძლებელი და არა ამერიკაში. დონალდ ტრამპიც ხშირად საუბრობს ამაზე და ამბობს, რომ ჰარისის გეგმა ეკონომიკურად და პოლიტიკურად გაუმართლებელია.

ტიმ უოლცმა არ მიიღო კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, თითქოს მისი და კამალა ჰარისის გეგმა ამერიკაში სამუშაო ადგილებს არ შექმნის, პირიქით, ამტკიცებდა, რომ სწორედ მათი გეგმის გამო, ამერიკაში უკვე გაჩნდა სამუშაო ადგილები. მან ასევე შეახსენა საზოგადოებას დონალდ ტრამპის კომენტარი, როდესაც ის ამბობს, რომ კლიმატის ცვლილება რეალური პრობლემა არაა. უოლცმა გააკრიტიკა ყოფილი პრეზიდენტი ამ თემასთან არასერიოზული დამოკიდებულების გამო. უოლცის თქმით, ის და ჰარისი უკვე დგამენ რეალურ ნაბიჯებს იმისთვის, რომ ამერიკა სუფთა ენერგიის გამომმუშავებელი სუპერ სახელმწიფო გახდეს.

იმიგრაცია

ისევე როგორც საპრეზიდენტო დებატებზე, ვიცე-პრეზიენტობის დებატებზეც იმიგრაციის საკითხი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იყო. ჯეი დი ვენსმა კამალა ჰარისი დაადანაშაულა არსებულ საიმიგრაციო პოლიტიკაში და თქვა, რომ სწორედ მან დაუშვა ამერიკაში ფენტანილის არალეგალური შეტანა, მან ახსენა ნარკოკარტელების მიერ ბავშვების ნარკოტიკის გადატანის სავარაუდოდ გამოყენებაც და თქვა, რომ საჭიროა ქვეყანაში ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკა გატარდეს.

ვენსმა დეტალურად ისაუბრა იმაზე, როგორ აპირებს არალეგალური იმიგრაციის პრობლემის მოგვარებას. მისი თქმით, ამერიკაში მყოფი უსაბუთო მიგრანტებიდან, მილიონი მაინც კრიმინალია, რომ საჭიროა პირველ რიგში მათი დეპორტაციით დაწყება. შემდეგ კი დარჩენილებისთვის სამსახურის მოძებნის ისე გართულება და ისეთი სამუშაო პირობების შექმნა, რომ სამსახურები თავადვე დატოვონ. ვენსის თქმით, ეს კარგი იქნება ამერიკელი მუშახელისთვისაც, ვისაც ამის შემდეგ მეტი სამსახური გამოუჩნდება.

ფენტანილის უკანონოდ გადატანასა და ამერიკაში არსებულ ოპიოდის კრიზისზე ტიმ უოლცმაც ისაუბრა. მან თქვა, რომ ქვეყანაში ამ მიმართულებით, ნამდვილად არაა სახარბიელო სიტუაცია, თუმცა დემოკრატები ამ მიმართულებით მუშაობენ და მონაცემები ნელ-ნელა მცირდება.

უოლცმა ხაზი გაუსვა იმას, რომ უკვე არსებობდა დემოკრატების მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც არსებულ გამოწვევებს გადაჭრიდა და რომელზე ხელის მოსაწერად რესპუბლიკელების ნაწილიც მზად იყო, თუმცა დონალდ ტრამპმა მათ საპირისპიროდ მოქცევა მოსთხოვა და კანონპროექტი ამიტომაც ჩავარდა. უოლცის თქმით, ეს ტრამპმა იმიტომ გააკეთა, რომ მძიმე საიმიგრაციო სიტუაცია მას ჰარისის გასაკრიტიკებლად და წინასაარჩევნო დაპირებებისთვის სჭირდებოდა.

უოლცმა კიდევ ერთხელ გაიხსენა ასევე ოჰაიოს შტატის ქალაქი სპრინგფილდიც. როგორც ტრამპი, ისე ვენსი უკვე რამდენიმე კვირაა ამბობენ, რომ იქ არალეგალურად ჩასული ადამიანები ცხოვრობენ და კატებსა და ძაღლებს ჭამენ, რაც არცერთი ოფიციალური წყაროთი არ დასტურდება. უოლცის თქმით, იმიგრანტებზე ასე საუბარი რესპუბლიკელი კანდიდატების მხრიდან, მათ დეჰუმანიზაციას უწყობს ხელს.

გარდა ამ თემებისა, კანდიდატებს შეკითხვები დაუსვეს ქალების რეპროდუქციული უფლებების, ეკონომიკის, ინფლაციის, სურსათის პროდუქტებზე არსებული მაღალი ფასების, იარაღის ტარებისა და იარაღით ჩადენილი ძალადობის, 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმის და ჯანდაცვის თემებზე. უოლცისა და ვენსისთვის არაფერი უკითხავთ უკრაინის ომის შესახებ. არც კანდიდატებს უხსენებიათ უკრაინის საკითხი სხვადასხვა თემებზე საუბრის დროს.

კანდიდატებს 2-2 წუთი ჰქონდათ პასუხებისთვის და 1 წუთი პასუხის დასაზუსტებლად, ან ოპონენტის პასუხზე საპასუხოდ. დებატებს „სი-ბი-ესის“ ჟურნალისტები ნორა ო’დონელი, საღამოს ახალი ამბების გამოშვების წამყვანი, მმართველი რედაქტორი და მარგარეტ ბრენანი, უცხოეთის ახალი ამბების განყოფილების კორესპონდენტი უძღვებოდნენ. დებატები ადგილობრივი დროით საღამოს 9 საათზე დაიწყო და ის 90 წუთს გაგრძელდა.

წყარო: